ქართველი სამხედროები

ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კადეტების ცხედრები თბილისში ჩამოასვენეს

ტაბულა
ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველი კადეტების ცხედრები თბილისში ჩამოასვენეს. ჩამოსვენების ცერემონიალს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები და აკადემიის იუნკრები დაესწრნენ.
 
ბორტს, რომლითაც დაღუპული კადეტები ჩამოასვენეს, აშშ-ის საზღვაო აკადემიის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი მეთ ბარკერი, აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვეფხია ჩალაბაშვილი, კურსანტების ჯგუფელები და ამერიკელი მეგობრები ჩამოყვნენ.
 
სამგლოვიარო ცერემონიალზე იმყოფებოდნენ ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში შეასრულა. დაღუპული ქართველი კურსანტების სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ, ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება.
 
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელი - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში, 7 მარტს მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

კომენტარები