სახელმწიფო და ეკლესია

საპატრიარქო: სახელმწიფოს მეუფე იაკობისთვის TOYOTA LAND CRUISER-ი არ გადაუცია

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო უარყოფს TDI-ს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეუფე იაკობს ეკონომიკის სამინისტრომ 22 011 ლარის ღირებულების TOYOTA LAND CRUISER-ი გადასცა. საპატრიარქოს განცხადებით, მეუფე იაკობმა მართლაც მიმართა ეკონომიკის სამინისტროს ავტომობილების თაობაზე, თუმცა მიმართვა ეხებოდა სვანეთის ეპარქიისთვის უკვე გამოყოფილი ორი ავტომობილის სარგებლობის უფლების ნაცვლად საკუთრებაში გადაცემას. საპატრიარქოს მტკიცებით, მეუფე იაკობის ეს მიმართვა ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა. 

"რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მეუფე იაკობს (იაკობიშვილი) საკუთრებაში გადასცა ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER-ი. გვინდა განვმარტოთ, რომ 2014 წელს მეუფე იაკობმა, როგორც ქორეპისკოპოსმა, მართლაც, მიმართა ეკონომიკის სამინისტროს შუამდომლობით ორი ავტომანქანის გადმოცემის შესახებ, ოღონდ არა თავისი მოხმარებისთვის, არამედ სვანეთის ეპარქიისათვის. ეს მანქანები 2009 და 2011 წელს ხელისუფლებამ მეუფე ილარიონს (სვანეთის ეპისკოპოსს) გამოუყო სარგებლობის უფლებით; იგი კი ამჟამად ითხოვდა, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათ საკუთრებაში გადმოცემას. სახელმწიფომ ახლაც ძალაში დატოვა ორივე მანქანის ფლობა სარგებლობის უფლებით და არ დააკმაყოფილა მეუფე იაკობის შუამდგომლობა, რის შესახებაც ეკონომიკის სამინისტრომაც გამოაქვეყნა განცხადება. ასე რომ, მეუფე იაკობთან დაკავშირებით TOYOTA LAND CRUISER-ის გადაცემის შესახებ ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია TDI-ის მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის წერილის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპატრიარქოს 22 011 ლარის ღირებულების TOYOTA LAND CRUISER-ი საკუთრების უფლებით გადასცა.

2000 წელს გამოშვებული შავი ფერის TOYOTA LAND CRUISER-ი, სახელმწიფო ნომრებით ROS-300, საქართველოს საპატრიარქოს ჩაბარდა.

მეუფე იაკობის წერილი, რომლის გამოთხოვასაც ასევე გეგმავს ორგანიზაცია, 2014 წლის 8 ოქტომბრით თარიღდება. მოთხოვნა ეკონომიკის სამინისტრომ 3 თვეზე ნაკლებ დროში დააკმაყოფილა.

კომენტარები