საქართველოს ეკონომიკა

კვირიკაშვილი: რეინვესტირებული მოგება აღარ დაბეგრება

ტაბულა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "საუბარია რეინვესტიციის შემთხვევაში გადასახადის გაუქმებაზე და დივიდენდის დაბეგვრაზე". ამის შესახებ კვირიკაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თქვა.
 
"გადასახადების ლიბერალიზაციას რაც შეეხება, საუბარი გვაქვს მოგების გადასახადის გაუქმებაზე, უფრო სწორად, საუბარი არის რეინვესტიციის შემთხვევაში გადასახადის გაუქმებაზე და დივიდენდის დაბეგვრაზე, თუმცა, კონკრეტულ ფორმებზე, თუ როგორ მოხდება ეს, რა რაოდენობით და რა პერიოდში გაიწერება, ცოტა ხნის შემდეგ მოგახსენებთ. იქედან გამომდინარე, რომ ეს ძირითადად 700-800 მილიონი ლარის ფარგლებში არის ბიუჯეტში, ბუნებრივია, მოკლე პერიოდში ე.წ გადასვლის ღირებულება ექნება ამას ფისკალური კუთხით, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ეს განსახორციელებელი იქნება. ერთი ძალიან დადებითი გვერდით ეფექტი ექნება - საგადასახადო შემოწმებების დიდი ნაწილი უკავშირდება მოგების გადასახადის დათვლის სისწორეს და აქედან გამომდინარე, ამას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ეფექტიც, რაც გამოიწვევს ბიზნესის მნიშვნელოვნად გათავისუფლების შედეგს" - განაცხადა კვირიკაშვილმა.
 
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს.
 

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

კომენტარები