გიგი უგულავას საქმე

გიგი უგულავას ადვოკატი: პროკურატურა კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვის გზით მიდის

ტაბულა

გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასაილაიამ დღევანდელ პროცესს პოლიტიკურად მოტივირებული და წინასწარ დადგმული სპექტაკლი უწოდა. ბასილაიას თქმით, ''პროკურატურასა და სასამართლოს შორის წინასწარი კონსულტაცია გაიმართა და სწორედ ამიტომ დაინიშნა სხდომა დღეს", რადგანაც, ადვოკატის მტკიცებით, ბრალდების მხარემ იცოდა, რომელ მოსამართლეზე გადანაწილდებოდა შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნის შესახებ.

ბასილაის აღნიშნა, რომ პროკურატურამ კონსტიტუცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაარღვია, როცა გიგი უგულავასთვის ხელახლა მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.

"ეს არის ერთგვარი წინასწარ დადგმული სპექტაკლი, პოლიტიკურად მოტივირებული, როდესაც პროკურატურა არის მოქმედი სახელისუფლებო ძალის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ყველამ კარგად იცის, რომ გიორგი უგულავას 9 თვიანი პატიმრობის ვადა გასდის აპრილის დასაწყისში. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. თუმცა პროკურატურა მიდის კონსტიტუციის ფეხქვეს გათელვის გზით. გიორგი უგულავასთვის ითხოვენ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, ანუ ხელახალი 9 თვიანი ვადის ჩართვას და ვნახოთ ამ სპექტაკლში სასამართლო რა როლს ითამაშებს'', - განაცხადა ბასილაიამ.

უგულავას ადვოკატის თქმით, იმის აუცილებლობა, რომ სასამართლოში შუამდგომლობა შაბათს შეეტანათ, არ იყო. ამიტომ ბასილაია ეჭვობს, რომ პროკურატურა და სასამართლო წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი.

"ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, იმისა რომ სასამართლოსთან მათ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია, რამდენადაც არავითარი აუცილებლობა შაბათ დღეს ამ შუამდგომლობის სასამართლოში შეტანის არ იყო, გარდა ერთი მოტივაციისა, თუ მათ უკვე წინასწარ ჰქონდათ გარკვეული გარანტიები აღებული, თუ რომელ მოსამართლეზე განაწილდებოდა ეს შუამდგომლობა'', - თქვა ბასილაიამ.

კომენტარები