ქალთა კვოტირება

მარგველაშვილი: კარგი იქნება, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ქართულ სახელმწიფო სისტემაში, ქართულ რეალობაში ბევრად მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული მაღალ თანამდებობებზე". ამის შესახებ მარგველაშვილმა რედისონში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდასა და გენდერული კვოტების საკითხს ეხებოდა.

"ქალები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციონირებაში, ის, რომ მეტი ქალი უნდა იყოს წარმომადგენლობით ორგანოებში, ისევე როგორც აღმასრულებელ სისტემაში, ეს ჭეშმარიტება ჩვენ არ გამოგვიგონია. არის ჭეშმარიტებები, არის ცოდნა, რომლითაც კაცობრიობა უკვე მდიდარია და ამ ცოდნის, ამ მონაცემების და კვლევის საფუძველზე ჩვენ ნათლად ვხედავთ სურათს, რომ ქვეყნებში, სადაც ქალთა მონაწილეობა მაღალია, ბევრად უფრო სტაბილური, კონკრეტულ მიზნებზე, მათ კვალიფიციურ გადაწყვეტაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და ეს არის ფაქტობრივი რეალობა, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები. ქალთა მონაწილეობა უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სტატისტიკური დონე, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის და განაპირობებდა უფრო აქტიურ, უფრო მშვიდობიან და უფრო მომავალზე ორიენტირებულ განვითარებას", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ "ამ დონემდე მისასვლელად, უნდა შემოვიღოთ კვოტირების სისტემა".

"ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის რომ ამ მიმართულებით ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ეს უშუალოდ აისახოს მომავალ არჩვენებზე, ამაში ვარ დარწმუნებული და მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. მე იმისიც მჯერა, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი კარგი იქნება, რომ ქალი იყოს და ამ მიმართულებითაც კარგი იქნება, რომ ერთად გადავდგათ ნაბიჯები", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

დღევანდელ დისკუსიას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებაზეც იმსჯელეს. არასამთავრობო ორგანიზაციები იმედს გამოთქვამენ, რომ ცვლილებების მიღება მომავალი არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება.

კომენტარები