ქალთა კვოტირება

უსუფაშვილი: თუ თანასწორობა სხვანაირად ვერ მიიღება, მაშინ კვოტების მომხრე ვარ

ტაბულა

"მე ვარ კვოტების წინააღმდეგი, მაგრამ ვარ თანასწორობის მომხრე. და თუ ვხედავ, რომ თანასწორობა ვერ მიიღება კვოტების გარეშე, მაშინ ვარ კვოტების მომხრე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რესიდონში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდასა და გენდერული კვოტების საკითხზე იმსჯელეს. 

"ასე უნდა დავინახოთ და არ ვაქციოთ იდეაფიქსად, რომ ცუდია კვოტები, კარგია კვოტები... დიახ, ცუდია კვოტები, სირცხვილია კვოტები, მაგრამ ბევრი რამაა არასწორი და ცუდი, რაც რეგულირდება კანონით. სამწუხაროდ, აუცილებელია საკანონმდებლო ჩარევა. მე იმასთან ერთად, რომ წინააღმდეგი ვარ კვოტების და მომხრე ვარ თანასწორობის, ვარ თავისუფლების მომხრეც და ნებისმიერი კანონი არის თავისუფლების შეზღუდვის ახალი მექანიზმი. მაგარმ თუ რაღაცეები არ შევზღუდეთ, ნანატრ თავისუფლებას ვერასოდეს მივაღწევთ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე, საჭიროა ნაბიჯები საკანონმდებლო დონეზე იმისთვის, რომ ამ კანონის გაუქმება რაც შეიძლება მალე მოგვიწიოს. ამას განვიხილავდი დროებით ზომად იმისთვის, რომ კარგად დავანახოთ ერთმანეთს, რაზეა საუბარი და დარწმუნებული ვარ, შემდეგში ეს კანონი აღარ იქნება საჭირო", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

დღევანდელ შეხვედრაზევე, პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა საჯარო მოხელეებს, "ვის უფლებამოსილებაშიცაა საკადრო საკითხების გადაწყვეტა, დავიცვათ ყოველდღიურ საქმიანობაში გენდერული ბალანსი. დავიცვათ ეს ბალანსი თანამდებობებზე დანიშვნის დროს და რეალურ ცხოვრებაში უკვე შევიტანთ პატარა მნიშვნელოვან ცვლილებებს".

ასევე, დავით უსუფაშვილი მიესალმა პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კარგი იქნება, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი ქალი იყოს. 

"მომავალი პრეზიდენტი ქალი - კი, ბატონო", - თქვა უსუფაშვილმა. აღნიშნულზე, პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ შეუძლია, თემაზე პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვიოს.

"თქვენ ამისთვის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაგჭირდებათ, ამაზე უფრო იფიქრეთ და მაშინ ბევრ რამეზე შევთანხმდებით", - უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს და აღნიშნა, რომ "მე ჩემი მხრიდან, სიამოვნებით წარმოვიდგენდი შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ ქალს, რაც ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა იქნებოდა". 

კომენტარები