ციხის კადრები

ლომჯარია ფილმის ჩვენებაზე: ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას

ტაბულა

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას შეფასებით, რეგიონებში არასრულწლოვნებისთვის ფილმის - სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ჩვენებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებიც აქვს. ამის შესახებ ლომჯარიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა.

"ეს მოვლენები, რაც განვითარდა, შეიცავს რამდენიმე სახის დარღვევის ნიშნებს. პირველ რიგში, ეს არის ბავშვთა უფლებების დაცვა, კონვენცია სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას ბავშვი მავნე ზეგავლენისგან. ვნახეთ, რომ ფოთში დარბაზი სავსე იყო არასრულწლოვნებით, რომლებმაც უყურეს ძალადობრივი კადრების შემცველ ფილმს. სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ბავშვების დაცვა მსგავსი ტიპის მავნე ზეგავლენისგან, რაც არის საგანგაშო. ასევე, სახეზე იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები, არაერთ შემთხვევაში მოქალაქეთა მობილიზებას ჰქონდა ადგილი სწორედ თვითმმართველობის ორგანოების და რესურსცენტრების მეშვეობით და სახელმწიფო აპარატი მათი მოხელეების ჩათვლით იყო მობილიზებული, რომ ჩვენებაზე მოქალაქეები მიეყვანათ. ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების ადმინისტრაციული რესურსის სახით გამოყენებას. ამასთან, ფილმი პოლიტიკური ხასიათისაა, ის ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აგიტაციას. საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო სკოლა, სასწავლებლები უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამ შემთხვევაში კი, ადგილი ჰქონდა იგივე საგანმანათებლო რესურსცენტრების მობილიზებას, რომ სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჩვენებაზე მიეყვანათ, რაც მიანიშნებს, რომ ისინი ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში" - განაცხადა ლომჯარიამ.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის თქმითვე, მისასალმებელია, რომ მთავრობამ დაგმო აღნიშნული ფაქტი, თუმცა, "მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა".

"ადგილობრივი თვითმმართველობაც ხელისუფლებას წარმოადგენს. რა განცხადებაც გააკეთეს კარგია, რომ გამოძიებასაც აპირებენ, მაგრამ ჯერ შედეგი უნდა ვნახოთ. დადგება თუ არა პასუხისმგებლობა მათი, ვინც მოუწოდებდნენ სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს, მობილიზება მოეხდინათ, მხოლოდ განცხადება საკმარისი არ არის. ჩვენ მოვიწონებთ ამ განცხადებას, თუ რეალური შედეგი ექნება" - განაცხადა ლომჯარიამ.

გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სისხლიანი ცხედრები - ეს კადრები არასრულწლოვნებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ნახეს. სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენება სამეგრელოდან დაიწყო. ჩვენებაზე მისული არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ იყო, რასთან დაკავშირებით შეკრიბეს - ზოგს ეგონა, კონცერტზე მიდიოდა, ზოგს კი გამოფენაზე. ჩვენებებზე მისულ ადამიანთა ნაწილი აცხადებს, რომ აქ გამგებლის, სოფლის ხელმძღვანელობის ან სკოლის დირექტორის თხოვნით მოვიდა. ნაწილი კი ამბობს, რომ არავის დავალებით არ მოსულა და ისიც იცოდა, თუ რის შესახებ იყო ფილმი.

კომენტარები