ციხის კადრები

ჯანაშია: ფილმის ჩვენების მიზანი იყო მოსწავლეების პოლიტიკურ კამპანიაში ჩათრევა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას შეფასებით, რეგიონებში დოკუმენტური ფილმის - სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ჩვენება არის მცდელობა, "ბავშვები ჩაითრიონ პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში, მათ ასწავლონ სიძულვილი". ამის შესახებ ჯანაშიამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში განაცხადა და აღნიშნა, რომ "არასრულწლოვნებს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის".

სიმონ ჯანაშიას თქმით, მოსწავლეებისთვის აღნიშნული ფილმის ჩვენება არამხოლოდ ზოგადი განათლების შესახებ კანონის, არამედ, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის დარღვევაცაა.

"იქ პირდაპირ წერია, რომ მასწავლებელს არ აქვს უფლება, პოლიტიკური პროპაგანდა გასწიოს,სკოლაში. ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება იყო სკოლების გათავისუფლება პოლიტიკური ზეგავლენისგან, რასაც ვხედავდით, რომ სხვადასხვა აქციებზე პოლიტიკოსებს დაჰყავდათ სკოლის მოსწავლეები. მაგრამ ერთია, როდესაც აჩვენებ მოსწავლეს საკუთარ მიღწევებს და ამისთვის იყენებ ძალაუფლებას და მეორეა, როცა ცდილობ, მოსწავლეები განაწყო შენი მოწინააღმდეგე პარტიის საწინააღმდეგოდ და ამისთვის ისეთ ფილმს ქმნი, რომელიც არ შეესაბამება მოსწავლეთა ასაკს" - განაცხადა ჯანაშიამ და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უკავშირდება განათლების მიმართ დამოკიდებულებასაც.

"განათლება უნდა აძლევდეს მოსწავლეს შესაძლებლობას, რომ კრიტიკულად შეხედონ მოვლენებს. ეს არის მასალა, რომელიც ეუბნება ადამიანს, რომ არის მხოლოდ ერთი სიმართლე, უნდა იცხოვროთ ამ სიმართლით და არსებობს ხელისუფლება, რომელიც განსაზღვრავს, რა არის სიმართლე. ეს არის ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი, როდესაც აღზრდის სისტემა ემსახურება მორჩილი ადამიანების ჩამოყალიბებას, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში იქნებიან მომხრე ნებისმიერი ხელისუფლების" - განაცხადა ჯანაშიამ და დაამატა, რომ მას მასწავლებლების დამოკიდებულებაც აშფოთებს. ისტორიკოსის თქმით, კეთილსინდისიერ მასწავლებელს შეხვედრა უნდა დაეტოვებინა და ჩვენებიდან მოსწავლეები წაეყვანა. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მასწავლებელ წინააღმდეგობა შესაძლოა სამსახურის დაკარგვის ფასად დასჯდომოდა, ჯანაშია პასუხობს, რომ მასობრივი პროტესტის დროს თანამშრომლების სამსახურებიდან გათავისუფლება ძალიან ძნელია.

"ძალიან რთულია, როცა მასობრივად გამოთქვამენ პროტესტს, სამსახურები დაატოვებინონ, მითუმეტეს სკოლებში. განათლების სამინისტრომ მართლა რომ დასაჯოს ყველა, ვინც ამ ჩვენებებში იყო ჩართული, დასავლეთ საქართველოში სასწავლო პროცესის გაგრძელება გაჭირდება. იმიტომ, რომ იმდენი ადამიანი გამოდის ჩართული, უმრავლესობა უნდა დასაჯო" - თქვა ჯანაშიამ თეორემაში.

გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სისხლიანი ცხედრები - ეს კადრები არასრულწლოვნებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ნახეს. სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენება სამეგრელოდან დაიწყო. ჩვენებაზე მისული არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ იყო, რასთან დაკავშირებით შეკრიბეს - ზოგს ეგონა, კონცერტზე მიდიოდა, ზოგს კი გამოფენაზე. ჩვენებებზე მისულ ადამიანთა ნაწილი აცხადებს, რომ აქ გამგებლის, სოფლის ხელმძღვანელობის ან სკოლის დირექტორის თხოვნით მოვიდა. ნაწილი კი ამბობს, რომ არავის დავალებით არ მოსულა და ისიც იცოდა, თუ რის შესახებ იყო ფილმი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები