21 მარტის აქცია

ენმ: აქციის მიზანი ოლიგარქიულ-კორუფციული მმართველობის სისტემის დაშლაა

გივი თარგამაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ერთ-ერთი მიზანი, რის გამოც მოქალაქეები 21 მარტის აქციაზე უნდა მივიდნენ, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში არაუფლებამოსილ პირთა ჯგუფის დაშლაა, რომლებიც სხვადასხვა უწყებებს მართავენ. გივი თარგამაძის თქმით, ისინი ბიძინა ივანიშვილის "კლანის" წარმომადგენლები არიან. აღსანიშნავია, რომ 21 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვარდების მოედანზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს.

"2012 წლის 1 ოქტომბრის საარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო მოხელეების დეპოლიტიზაციას ითხოვდნენ და ჰპირდებოდნენ ამომრჩევლებს. თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს დაპირება სხვა ყველა წინაასარჩევნო განცხადებების მსგავსად დავიწყებას მიეცა.

ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გაურესების კვალდაკვალ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უფრო შეავიწროვა ნდობით აღჭურვილი პირების წრე და ქვეყნის მმართველობაში პირადი დაცვის წევრებისა და "ქართუს" ხელმძღვანელები მიიყვანა. ასე გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. "ქართუ ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს ფაქტობრივი მონიტორი გახდა. თბილისის არჩეულ მერს ზედამხედველად "ქართუ ბანკის" ყოფილი დირექტორი, ამჟამად ვიცემერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ექსპერტი ირაკლი ლიქვინაძე მიუვლინეს.

"ქართუ ჯგუფის" უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი მირიან მჭედლიშვილი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორად. აღსანიშნავია, რომ ბატონი მჭედლიშვილი პარტია "ქართული ოცნების" სარევიზიო კომისიის წევრი და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია "ქართული ოცნებიდან". მისი ძმა, მალხაზ მჭედლიშვილი კი ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.

სუს-ის დირექტორის მოადგილედ ასევე "ქართუ ჯგუფის" კადრი, კონტროლის დეპარტამენტის ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსი მოადგილე გოგი დვალაძე დაინიშნა. ბატონი დვალიძის მეუღლე ციალა ჯელაძე ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო მას შემდეგ რაც ტესტირება ვერ ჩააბარა, დააწინაურეს და მერის სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

შსს-ში "ქართუს" დესანტი ამით არ ამოიწურება - ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტმანეტის დირექტორად დაინიშნა ავთანდილ თაბუნიძე, რომელიც 2005-2012 წლებში მუშაობდა ბანკი "ქართუს" უსაფრთხოების და ადმინისტრაციული დეპარტამენტში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ბატონი გოგი დვალაძე კურირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციებში დანიშნულ საკუთარი თანამშრომლებს, ე.წ. "ოდეერებს" (ОДР – офицер действующего резерва). არასამთავრობო ორგანიზაციის საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს მონაცემებით, ქ. თბილისის მერიაში ოდეერი მერიის ადმინისტრაციაში მრჩეველი არჩილ ბებიაშვილი გვევლინება. 2013 და 2014 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, არჩილ ბებიაშვილი (დაბადებული 16.06.1959) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უშიშროების საკითხებში სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებს. ბებიაშვილი პარალელურად 2013 წლის 19 თებერვლიდან 2014 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წლის 25 აგვისტოდან არჩილ ბებიაშვილი მუშაობს თბილისის ახლად არჩეული მერის დავით ნარმანიას ადმინისტრაციის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად.

დღეს შეიძლება, უკვე ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში არაუფლებამოსილ პირთა ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამ ტენდენციას თავად ივანიშვილმა დაუდო სათავე, როდესაც პრემიერმინისტრობიდან გადადგა, მაგრამ რეალურად ქვეყნის პირველ პირად დარჩა. ასევე ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ზვიად ჯანყარაშვილი, პროკურატურას ნაყაჩაღარი ფარცხალაძე, პარლამენტს - გია ვოლსკი. იგივე პრინციპით ბიზნესსაქმეებს ერთი მხრივ ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი და ბიძინას საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი უგვარებენ, ეს უკანასკნელი ყოველგვარი ფორმალური სტატუსის გარეშე საერთაშორისო ეკონომიკურ მოლაპარაკებებში იღებს მონაწილეობას. შედეგად მივიღეთ ოლიგარქიულ/კორუფციული მმართველობის სისტემა, რომლის ყველაზე ნათელი მაგალითი ღარიბაშვილ/თამაზაშვილის კლანია, თუმცა ეს კლანი დღევანდელ რეალობაში გამონაკლისი არაა და ის უფრო ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილის თვალსაჩინო შედეგია. ამ სისტემის დაშლა შეუძლებელია ცალკეული პიროვნებების ან კლანების გამოცვლა-ჩანაცვლებით მას მთლიანი დეზინტეგრაცია სჭირდება. სწორედ ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გადადგომას", - თქვა თარგამაძემ.

კომენტარები