არასამთავრობო ორგანიზაციები

სიდა: საფრთხე ის პოლიტიკოსებია, ვინც სკეპტიკურად ლაპარაკობენ ევროინტეგრაციაზე

სიდა-ს აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის შეფასებით, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს არა სამოქალაქო სექტორი, არამედ ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსი. დევდარიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა შეიზღუდონ და მათ პასუხი მოეთხოვოთ.

„არ მგონია, რომ ბატონი გოგი საუბრობდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისეთ ნეგატიურ ჭრილში, რომლებიც დღეს ძალიან ღიად ეწევიან რუსეთის პროპაგანდას. საქართველოს მომავლის საფრთხეს წარმოადგენენ არა არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლებაში იმყოფებიან და ამ ბოლო დროს სრულიად დაუფარავად და ძალიან სკეპტიკურად ლაპარაკობენ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.  

ცნობისთვის, გოგი თოფაძემ საერთო გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ "ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები, დაუბლოკეს ის საბანკო ანგარიშები, რომლებიდანაც უცხოეთიდან მოდის თანხები. ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ... მაშინ, როდესაც ძირს უთხრი შენ სახელმწიფოს, შენ სამშობლოს, იმიტომ რომ შენ ღებულობ გრანტებს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ".

კომენტარები