ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: ვანო მერაბიშვილის მამას ტერიტორიის შესყიდვა ერთ ლარად სურდა

მთავრობის ადმინისტრაცია

სამცხე-ჯავახეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველოს ტერიტორიის შესყიდვა ვანო მერაბიშვილის მამას 1 ლარად სურდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში, სამხარეო სამმართველოს გახსნისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მერაბიშვილის მამამ ვეღარ მოასწრო ტერიტორიის შესყიდვა, რადგან მთავრობაში ქართული ოცნება მოვიდა.

„სანამ ჩემი დავალებით, ამ ადგილას ბაზას გავაკეთებდით, აქ იყო მიტოვებული შენობა. ადრე იყო საბავშვო ბაღი. შემდეგ, ვანო მერაბიშვილის მამას უნდოდა ამ შენობის, ამ ტერიტორიის შესყიდვა ერთ ლარად და ვეღარ მოასწრეს, იმიტომ, რომ ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. მათ უნდოდათ სასტუმროს გაკეთება. ჩვენ გავაკეთეთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რადგან ამ რეგიონში სპეცრაზმი წარმოდგენილი არ იყო. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა რეგიონის თითოეულმა მცხოვრებმა თავი უფრო მეტად დაცულად იგრძნოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ასზე მეტი ობიექტის რესტავრაცია განხორციელდა, გარემონტდა და შესაბამისად აღიჭურვა პრაქტიკულად ყველა სამხედრო ბაზა. სპეცრაზმელებს კი თანამედროვე შეიარაღება და ეკიპირება გადაეცათ.

„პოლიციელები და სპეცრაზმელები განსაკუთრებული ხალხია. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, ტყვიაზე მიდიან და ჩვენს მოქალაქეებს იცავენ, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ, წირავენ საკუთარ სიცოცხლეს და მათ სჭირდებათ დაფასება სახელმწიფოსა და მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები