კრიზისი უკრაინაში

აშშ: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში ყირიმის ოკუპაციის შეწყვეტამდე დარჩება

"სანქციები, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმს ანექსიის გამო შემოიღო, ძალაში დარჩება, სანამ ოკუპაცია გრძელდება", - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

"გასულ წელს უკრაინის ხალხმა საკუთარი მომავალი აირჩია, რომელიც დემოკრატიის, თავისუფალი ვაჭრობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს ეფუძნება. ამის საპასუხოდ რუსეთმა სამხედრო ძალა გამოიყენა და დაიკავა ყირიმი, უკრაინის სუვერენული ტერიტორია, სადაც მოაწყვეს უკანონო ე.წ. რეფერენდუმი, რაც საკუთარი ქმედების გამართლების უსუსური მცდელობა იყო. ბოლო ერთი წლის გამავლობაში რუსეთმა განახორციელა რეპრესიები, მათ შორის ყირიმელი თათრების და არასამთავრობო ორგანზაციების წინააღმდეგ. ერთი წლის წინ პუტინი მთელ მსოფლიოს ეუბნებოდა, რომ ყირიმში რუსი სამხედროები არ არიან. ამ დღეებში დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, სადაც პუტინი ამბობს, რომ რუსული ჯარი იქ იყო. ეს თავისთავად ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის ახლანდელ განცხადებებს აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით", - თქვა პსაკიმ.

გერმანის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მსოფლიო ყირიმის უკანონო ანექსიას არ დაივიწყებს. მერკელის თქმით, ეს ქმედება ევროპაში წესრიგს არღვევს. მერკელმა და პოროშენკომ მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ხაზი გაუსვეს.

"შეთანხმების შესრულება გართულდა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვევა და ვცდილობთ ეუთოსთან ერთად შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფას. მისი შესრულება და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამის შესახებ მომავალ სამიტზე ვიმსჯელებთ. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სანქციებისთვისაც მზად ვართ, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც ვისურვებდით", - თქვა მერკელმა.

გასული წლის მარტში რუსმა სამხედროებმა ყირიმის სამთავრობო დაწესებულებები და მნიშვნელოვანი ობიექტები დაიკავეს. 16 მარტს მათი კონტროლის ქვეშ ე.წ. რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის გამოცხადებული შედეგებითაც, მოსახლეობის 96%-მა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი. 18 მარტს ვლადიმირ პუტინმა ყირიმის რუსეთთან შეერთების შესახებ განაცხადა.

კომენტარები