ციხის კადრები

სახალხო დამცველი გმობს არასრულწლოვანთათვის ძალადობის კადრების ჩვენებას

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენებას. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენცია იცავს ბავშვს ნებისმიერი სახის ძალადობისგან და მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რათა არასრულწლოვნის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, უპირატესი ყურადღება დაეთმოს მისი ინტერესების უკეთ დაცვას.

"ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს საჯარო სკოლების დამოუკიდებლობა რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისგან და დაუშვებლად მიიჩნევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზებას. მოზარდისთვის ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ჩვენება ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქიკაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს სასტიკი და მოზარდის ნორჩი ფსიქიკისათვის საფრთხის შემცველი კადრების ჩვენებას არასრულწლოვანთათვის და იწყებს აღნიშნული ფაქტის შესწავლას. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება და კანონის ფარგლებში გაატაროს ყველა საჭირო ზომა, რათა სამომავლოდ თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა უფლებადარღვევის მსგავსი შემთხვევები.

საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას, სახალხო დამცველი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაუპატიურება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, სისხლიანი ცხედრები - ეს კადრები არასრულწლოვნებმა საქართველოს რამდენიმე ქალაქში ნახეს. "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენება სამეგრელოდან დაიწყო. ჩვენებაზე მისული არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ იყო, რასთან დაკავშირებით შეკრიბეს - ზოგს ეგონა, კონცერტზე მიდიოდა, ზოგს კი გამოფენაზე. ჩვენებებზე მისულ ადამიანთა ნაწილი აცხადებს, რომ აქ გამგებლის, სოფლის ხელმძღვანელობის ან სკოლის დირექტორის თხოვნით მოვიდა. ნაწილი კი ამბობს, რომ არავის დავალებით არ მოსულა და ისიც იცოდა, თუ რის შესახებ იყო ფილმი.

კომენტარები