რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ჯაფარიძე ე.წ. შეთანხმებაზე: სამწუხაროდ, პრობლემებზე მხოლოდ ჩვენ გვიწევს საუბარი

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მორიგ აგრესიულ ნაბიჯს დგამს. ჯაფარიძე რუსეთ-ცხინვალის ე.წ. შეთანხმების დღეს დაგეგმილ ხელმოწერას გამოეხმაურა. 

"რუსეთის მხრიდან გადადგმულია მორიგი აგრესიული ნაბიჯი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ამ ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის პერიოდში, დღეს საქართველოს ასეთი ტიპის პრობლემატური საკითხები მთლიანად ამოვარდნილია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან. სამწუხაროა, რომ ახლა ამ პრობლემებზე მხოლოდ ჩვენ გვიწევს საუბარი და არ არის ისეთი აქტიური ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე, როგორიც იყო წინა წლებში, როდესაც ხელისუფლებაში იყო ნაციონალური მოძრაობა. ეს არის სამწუხარო ფაქტი, მაგრამ ეს არის იმ პოლიტიკის, იმ მავნებლური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ატარებს ქართული ოცნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

დღეს რუსეთის პრეზიდენტი და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერი მოსკოვში ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. დოკუმენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების და უშიშროების სამსახურების ნაწილის უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადასვლას, ასევე როკის გვირაბზე საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას და მათი პენსიებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების გაფორმება შეერთებულმა შტატებმა დაგმო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯენ პსაკის განცხადებთ, მოსკოვის მიერ დადებულ ხელშეკრულებებს ცხინვალთან და სოხუმთან ვაშინგტონი არ აღიარებს.

კომენტარები