ე.წ. ხელშეკრულება

წიკლაური: ეს ე.წ. შეთანხმება არის უფრო მძიმე, ვიდრე აფხაზეთთან დადებული

ტაბულა

"ეს არის ძალიან მძიმე ხელშეკრულება, ეს არის კიდევ უფრო მძიმე ხელშეკრულება, ვიდრე ანალოგიური ხელშეკრულება დადებული აფხაზეთთან", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას. წიკლაურის აზრით, რუსეთი არ შეცვლის თავის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას იმის მიუხედავად, თუ რა განწყობას გამოხატავს საქართველოს ხელისუფლება მის მიმართ.

"რუსეთი არ ცვლის თავის გეგმებს მიუხედავად იმისა, ეს თუ ის ხელისუფლება საქართველოში როგორ არის მის მიმართ განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას ჰქონდა აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკა ე.წ. დათბობის, ამის მიუხედავად არაფერი არ შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულებაში, მისი ექსპანსიონისტური განზრახვები დარჩა უცვლელი", - განაცხადა წიკლაურმა.

დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ერთადერთი გზა არის ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია.

"საქართველოს რჩება ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, თავისი სუვერენიტეტი, ეს არის მაქსიმალურად სწრაფი ინტეგრირება ევროპულ სივრცეში, მაქსიმალური დაახლოება ნატოსთან და ჩვენი ქვეყნის ქცევა თავისუფალი ცივილიზებული სამყაროს ნაწილებთან", - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელი დღეს მოაწერეს. გაფორმებული დოკუმენტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალებისა და უშიშროების სამსახურების ნაწილის უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადასვლას, ასევე როკის გვირაბზე საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას, სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას და მათი პენსიებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 

კომენტარები