რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულება

პუტინი: ამ ხელშეკრულებით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაღრმავდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში ხელი მოაწერს ე.წ. ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ.

“დღევანდელი შეხვედრის მთავარი შედეგი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერაა. ამ საეტაპო მნიშვნელობის დოკუმენტით განისაზღვრა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფოთაშორისი დიალოგის მაღალი დონე და ორმხრვი ურთიერთობის გრძელვადიანი ორიენტირები. დამტკიცებულია მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში თანამშრომლობის წესი, მათ შორის პენსიების, ხელფასების ზრდა, თანამედროვე ტიპის სადაზღვევო სისტემის შექმნა, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურა. ჩვენს ქვეყნებს შორის შეიქმნება თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცე, მოხდება საბაჟო ორგანოების ინტეგრაცია, სახელმწიფოთაშორის საზღვრის გადაკვეთა ჩვენი მოქალაქეებისთვის მიერ თავისუფალი გახდება. შეიქმნება შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც რეგინში დანაშულსა და ტერორიზმთან ბრძოლაში დიდ წვლილს შეიტანს” – განაცხადა პუტინმა.

ხელმოწერილი დოკუმენტი  ე. წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების და უშიშროების სამსახურების  ნაწილის უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში გადასვლას, ასევე გარეშე თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ სამხედრო დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ლეონიდ თიბილოვმა რუს ხალხს ყირიმის ანექსიის წლისთავი მიულოცა და მოსკოვს სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი უწოდა.

„დიდი მადლობა ვლადიმირ ვლადიმირის ძევ,  დღევანდელი შეხვედრისთვის. ჩვენი მოკავშირეობა და ინტეგრაციული პროცესების განვითარება ის პასუხი იმ საფრთხეებზე, რაც დღევანდელ მსოფლიოში არსებობს.  რუსეთის ფედერაცია ჩვენი ხალხისთვის ერთადერთი გარანტია. და მე განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს მთელი რუსი ხალხისთვის ღირსშესანიშნავი დღეა. ზუსტად ერთი წლის წინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ყირიმისა და სევასტოპოლს ხალხების ნების თავისუფალ  გამოხატვას ეფუძნებოდა და მათ თავისი სამშობლო იპოვეს. პირველი დღიდან სამხრეთ ოსეთი ამ ნაბიჯს მიესალმება. ჩვენ რუსეთის ყველა პოლიტიკურ ნაბიჯს მივესალმებით, ყოველთვის ვართ რუსეთთან ერთად. მინდა მადლობა გითხრათ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც სამხრეთ ოსეთს უწევთ“. - განაცხადა თიბილოვმა. 

კომენტარები