შინაგან საქმეთა სამინისტრო

მამხილებელი პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება შსს-ს გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ცხრა მამხილებელი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შსს-ს ბაზაში არსებული დაცული ინფორმაციის ენმ-ისთვის მიწოდებას ედავებიან.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2015 წლის 20 მარტს საქართველოს მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მუშაკები, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე მოიპოვებდნენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან და შემდგომ ამ ინფორმაციას უკანონოდ ავრცელებდნენ. მითითებული სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების უზრუნველსაყოფად გადაეცა  ქ.თბილისის პროკურატურას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით", - აცხადებს მთავარი პროკურატურა. 

აღსანიშნავია, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს. შესაბამისად, იურისტ გიორგი მელაძის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი უკანონოდ გაათავისუფლა. 

"პოლიციელის დათხოვნა კანონის დარღვევაა. პოლიციელის გათავისუფლების მიზეზად თუ კანონის დარღვევა მიუთითეს, ეს უკანონობაა. ჩვენი კანონმდებლობით, მამხილებელი არ ისჯება და დაცულია, როცა უკანონობა გამოაქვს საჯარო სივრცეში. კანონის მიხედვით, იმ ადამიანს ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს გაემჟღავნებინა, იმიტომ რომ იქ საუბარია საზოგადოებრივ ინტერესზე. მან ინფორმაცია მისცა დეპუტატს, რაც გამომზეურების ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფორმაა, რადგან მან ინფორმაცია მისცა პარლამენტის დეპუტატს, სახალხო წარმომადგენელს და ეს ინფორმაცია გადავიდა ლეგიტიმურ ხელში", - უთხრა მელაძემ ტაბულას.

ცნობისთვის, გუშინდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის" მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და შსს-ს კიდევ რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები