საქართველო-ევროკავშირი

RFE/RL: რიგის სამიტზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შანსები 50/50-ზეა

Reuters

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე, რომელიც მაისში გაიმართება, უკრაინა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ვერ მიიღებს, საქართველოს შანსები კი 50/50-ზეა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება ევროკავშირის სტრუქტურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

თავისუფლება რიგის სამიტის დეკლარაციის პროექტს ეყრდნობა, რომელსაც ჟურნალისტი გაეცნო და აღნიშნავს, რომ მომავალ სამიტზე „პროგრესი მცირე იქნება" და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები შესაძლოა „იმედგაცრუებულები დარჩნენ".

„რიგის მომავალ სამიტზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა აღმოსავლელ მეზობლებს ბრიუსელთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა შესთავაზონ უკვე მიღწეული ასოცირების შეთანხმების მიღმა", - აღნიშნავს რადიო თავისუფლება.

ავტორი აღნიშნავს, რომ რიგის სამიტზე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას ელოდებოდნენ, რაც მოლდოვამ გასულ წელს მიიღო. თუმცა, სამიტისთვის მომზადებულ დოკუმენტში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ „სამიტის მონაწილეები მოუთმენლად ელიან უკრაინისა და საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის განხორციელებას, მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი რეფორმა განხორციელდება".

კომენტარები