დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

ნანუაშვილი: დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს

0 კომენტარი
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

საქართველკოში დაუნის სინდრომის მქონე პირებს არ ეძლევათ ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა - ამის შესახებ სახალხო დამცველის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში წერია, რომ 2015 წელს ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმართულია დაუნის სინდრომის მქონე პირთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფის საქმეში ოჯახების როლის და დადებითი კონტრიბუციის გამოკვეთისკენ. მნიშვნელოვანია ოჯახების გაძლიერება, რათა მათ უზრუნველყონ თავიანთი ოჯახის წევრის ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით სრულფასოვანი სარგებლობა. ამასთან აუცილებელია ზრუნვა თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სრულყოფილი განვითარებისა და დამოუკიდებლობისთვის, რათა უშუალოდ განახორციელონ საკუთარი უფლებების/ ინტერესების დაცვა და სათანადო რეალიზება.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ამ საკითხზე არ გააჩნია საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკა და მიდგომები.

„დაუნის სინდრომის საერთაშორის დღის მნიშვნელობაზე საუბრის პარალელურად გვერდს ვერ ავუვლით იმ პრობლემებს, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოში ამ პირთა უფლებების დაცვის კუთხით. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები დაუნის სინდრომის მქონე პირთა, მათ შორის ბავშვთა რაოდენობის შესახებ. დაუნის სინდრომის მქონე პირებს ჯერ კიდევ არ ეძლევათ ცხოვრების ყველა სფეროში სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნულ პირებს ყოველდღიურად ექმნებათ ბარიერები საკუთარი უფლებების რეალიზების პროცესში“ - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირებს დაბადებიდან ჭირდებათ განსაკუთრებული მზრუნველობა. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, შესაბამისი კვლევების ჩატარება, ადრეული ჩარევის პროგრამების უწყვეტობა, სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებებში სპეციალურად მომზადებული აღმზრდელები, ინკლუზიურ სასკოლო პროცესში ჩართვა, სადაც ასევე სპეციალური პედაგოგები წარმართავენ საგაკვეთილო პროცესს. აღნიშნული საფუძველს ჩაუყრის მათ ჩართვას ინკლუზიურ პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ამ პირთა შრომისა და დასაქმების უფლების წარმატებით განხორციელებას.

„დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოებაში დამკვიდრებული მითები და არასწორი დამოკიდებულება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. სტერეოტიპულ ხედვებს კიდევ უფრო აძლიერებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების მხრიდან ტერმინის არასწორი გამოყენება, რასაც, სამწუხაროდ, დღემდე აქვს ადგილი“- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს, უმთავრესად სახელმწიფოს, დაუნის სინდრომის მქონე პირთა ოჯახების, მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების, სამოქალაქო სუბიექტების ფართო ჩართულობით გააძლიეროს მცდელობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, დაუნის სინდრომის მქონე პირების უფლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინკლუზიის მიმართულებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები