ნოვრუზ ბაირამი

პრემიერმინისტრი: გაზაფხულის, სიყვარულისა და განახლების დღეს გილოცავთ

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა მარნეულის მცხოვრებლებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა.

"ჩემო ძვირფასებო ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენმა გუბერნატორმა გულით თქვა ის, რომ - დღეს მე და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომ ვართ თქვენთან ერთად, ეს არის ჩვენი ერთობის დემონსტრირება, ეს არის თქვენდამი სიყვარულის დემონსტრირება და ეს არის გულიდან წამოსული სიტყვები, ამიტომ მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე - გაზაფხულის, სიყვარულისა და განახლების დღეს გილოცავთ. ჩემო ძვირფასებო დღეს ჩვენ ვზეიმობთ თქვენთან ერად.

ეს არის ძალიან მდიდარი რეგიონი. მე ვაფასებ თქვენს შრომისმოყვარეობას. თქვენ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები ხართ. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ თქვენს გვერდში ვიქნებით ყოველთვის. ჩვენ გვიდა, რომ თქვენთან ერთად გავიზიაროთ თქვენი გასაჭირი, სიხარული და სიყვარული. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ერთად ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. დღეს ჩვენ ჩამოვედით ერთად იმისთვის, რომ უკეთეესი მომავლის რწმენა ჩაგისახოთ და გითხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება. ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი - ახალ წელს.

2010 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნოვრუზ ბაირამი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების დღესასწაული, საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

კომენტარები