როჰანი: ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესია, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია

wikipedia.org

ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის თქმით, გარკვეულ ასპექტებში მხარეების აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ბირთვულ მოლაპარაკებებში პროგრესია, რაც ნიშნავს იმას, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

 “მე მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მოლაპარაკებებით ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეიძლება, ახლა საჭიროა, რომ მეორე მხარემ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა როჰანმა.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შემცირებასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს დიდ ხუთეულსა და გერმანიას, მეორე მხრივ კი ირანს შორის, მიმდინარეობს. მხარეებმა საკუთარ თავს ჩარჩო-ხელშეკრულების მისაღწევად ბოლო ვადა მარტის ბოლო, ხოლო საერთაშორისო შეთანხმების მიღწევის საბოლოო ვადად ივნისის ბოლო დაუწესეს. დასავლეთის მხარე, შეთანხმების შემთხვევაში, თავის მხრივ, მზად არის, ირანისთვის დაწესებული სანქციები გააუქმოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ 2006 წლიდან ექვსი რეზოლუცია მიიღო, ირანის მიერ ურანის გამდიდრების შეწყვეტის მოთხოვნით, ამასთან ერთად, ირანს სანქციებიც დაუწესეს, რამაც მკვეთრად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე.

თავის მხრივ, აშშ-მ და ევროკავშირმა 2012 წლიდან ირანულ ბანკებსა და ნავთობის ექსპორტიორებს დამატებითი სანქციები დაუწესეს. 

კომენტარები