მთავრობის გადაყენება

ჯაფარიძე: ვფიქრობ, არ უნდა გაგვიჭირდეს უნდობლობის პროცედურის დაწყება

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება პარლამენტში არ უნდა გაუჭირდეთ.

"კონსულტაციებს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით დავიწყებთ ამავე კვირაში. გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს პარლამენტში არის არაერთი პარლამენტის წევრი უმცირესობის ფრაქციების გარეთ, რომლებიც იზიარებენ იმ პათოსს, რომ ქვეყანაში არის შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და ეს მეტწილად არის გამოწვეული მთავრობის ორწლიანი გაუაზრებელი პოლიტიკის გამო. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაგვიჭირდეს უნდობლობის პროცედურის დაწყება საქართველოს პარლამენტში", - თქვა ჯაფარიძემ.

ის, რომ საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის გადაყენებისთვის საჭირო რაოდენობის დეპუტატების მოგროვებას იწყებს, 21 მარტის აქციაზე გახდა ცნობილი. ხელმოწერების შეგროვებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან იწყებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის ვახუშტი მენაბდის განმარტებით, თავდაპირველად, 60 დეპუტატია იმისთვის საჭირო, რომ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყოს. შემდეგ საჭიროა 75 დეპუტატის მხარდაჭერა სამი კვირის ვადაში იმისათვის, რომ პროცედურას ოფიციალურად მიეცეს მსვლელობა.

"ახალი პრემიერის კანდიდატურაზე უნდა შეთანხმდეს პარლამენტი, აქ არის 75 ხმა საჭირო. კანდიდატურა წარედგინება პრეზიდენტს. პრეზიდენტი თუ დაეთანხმა, ის უკან დააბრუნებს პრემიერის კანდიდატურას, რომელიც მთავრობით და სამთავრობო გეგმით წარდგება პარლამენტის წინაშე და ისევ 75 დეპუტატის მხარდაჭერის შემთხვევაში, ძველი მთავრობა გათავისუფლდება და ახალი შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას. მაგრამ თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანდიდატურას, მაშინ ახალ მთავრობას ნდობა 90-მა დეპუტატმა უნდა გამოუცხადოს", - განმარტავს მენაბდე.

კომენტარები