GDI: სააკაშვილის წინააღმდეგ ხდება პოლიტიკური ანგარიშსწორება

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დღეს წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივ საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს. ანგარიშში დეტალურადაა განხილული წარდგენილ ბრალდებათა დასაბუთებულობის პრობლემები, მიხეილ სააკაშვილისა და მის ნათესავთა ქონების დაყადაღების პრობლემურობა.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, "იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა დაუსაბუთებელი ბრალდებების წარდგენა და, ამავდროულად, ადგილი ჰქონდა უსამართლო სამართალწარმოების კონკრეტულ შემთხვევებს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხდება სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოების გამოყენებით პოლიტიკური ანგარიშსწორება".

ანგარიშში წერია, რომ "მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში, ბრალდების მოწმეებად მისი პოლიტიკური ოპონენტები, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი გვევლინებიან. აღსანიშნავია, რომ ნ. ბურჯანაძე პირველად დაკითხულია სააკაშვილისთვის ბრალის დადგენილების გამოტანის შემდგომ, მაშინ, როდესაც ამ საქმეში ბრალდების მხარეს ერთადერთი მტკიცებულება სააკაშვილის წინააღმდეგ სწორედ მისი ჩვენება აქვს".

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოებულ საქმეებში გამოძიება ხშირად ეყრდნობა ირიბ ჩვენებებს, რომლებიც გამოყებულია ბრალის წარდგენის საფუძვლად. "საყურადღებოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით - ერთი მხრივ, არაკონსტიტუციურად მიიჩნია მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე პირისთვის ბრალდების წაყენება, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენის გამოტანა ირიბ ჩვენებებზე დაყრდნობით", - წერია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.

ანგარიშის სრულად ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები