GDI: ახალაიას სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ანგარიშსწორების ნათელი მაგალითია

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დღეს წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას სისხლისსამართლებრივ საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს. ანგარიშში განხილულია ე.წ. ციხის ბუნტის ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პრობლემურობა, სასამართლო განხილვის გაჭიანურების ფაქტი, ე.წ. ციხის ბუნტის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, "ნავთლუღის სპეცოპერაციის" ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და მოწმეებზე ზეწოლის შემთხვევები, ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ წარმოებული შერჩევითი სამართალი, ე.წ. რეინჯერების ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხი, ე.წ. რეინჯერების ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, გაჭიანურებული სამართალწარმოების შემთხვევები და ბაჩანა ახალაიას საქმეების განმხილველი მოსამართლეების საკითხი.

ანგარიშის თანახმად, "ბაჩანა ახალაიას მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება, განხილული იქნეს, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების კონკრეტული მაგალითი. მოწმეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, პროკურატურის მხრიდან სამართალწარმოების გაჭიანურების მცდელობები, სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსაბუთებელი აღკვეთის ღონისძიებების შესახებ განჩინებები, არაერთ საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენები მიუთითებს საქართველოს მთავარი პროკურატურის განზრახვაზე, ყოველი გზითა და საშუალებით უზრუნველეყო ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნა და არა მართლმსაჯულების განხორციელება. პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთ არგუმენტად შეიძლება, ჩაითავალოს პრემიერმინისტრის მრჩევლის, გია ხუხაშვილისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან ბაჩანა ახალაიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. შესაბამისად, სახეზეა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები."

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მოსაზრებით, ანალიზი ცხადყოფს, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინებები დაუსაბუთებელია.

"ანალიზი ცხადყოფს, რომ წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინებები დაუსაბუთებელია. ბაჩანა ახალაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა პირადი მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე და სასამართლოს ზოგადი, აბსტრაქტული მსჯელობის საფუძველზე. ამგვარი მიდგომა არღვევს საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მოთხოვნებს", - წერია ანგარიშში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა თვლის, რომ სამართალწარმოების განზრახ გაჭიანურების სერიოზულ ეჭვს აჩენს ფაქტები ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმეებში.

"საქმეთა დიდ ნაწილში ფიქსირდება სხვადასხვა ინფორმაცია მოწმეებზე ზეწოლის შესახებ და მიცემული ჩვენების გადათქმები. ასევე საგულისხმოა, რომ იმ პირთა დიდი ნაწილი, ვინც დათანხმდა ჩვენება მიეცა ყოფილი მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ, სრულიად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ხოლო მათ, ვინც ჩვენება ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ შეცვალეს, ან არსებული ბრალი დაუმძიმდათ, ან მათ მიმართ გამოძიება დაიწყო", - ვკითხულობთ კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.

ანგარიშის სრულად ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები