ბიზნესზე ზეწოლა

გახარია ასლის: ზოგადი განცხადებების ნაცვლად, კონკრეტული ფაქტები მოგვაწოდეთ

BPN

ბიზნესომბუდსმენის აპარატი ბიზნესმენ ფადი ასლის მოუწოდებს ზოგადი ხასიათის განცხადებების ნაცვლად, მიაწოდოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბიზნესის "რეკეტისა" და "შევიწროვების" კონკრეტული შემთხვევები. პრემიერის განცხადებით, "თუკი ეს არ იქნება დასაბუთებული, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ განცხადებაში მოყვანილი შეფასებები მოკლებულია რეალურ საფუძველს და არ ემსახურება ბიზნესის ინტერესების დაცვას".

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დღეს გავრცელდა ბატონი ფადი ასლის განცხადება საქართველოში შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის რეკეტსა და შევიწროვებასთან დაკავშირებით. აღნიშნული არ წარმოადგენს მისი მხრიდან გაკეთებულ ანალოგიური შინაარსის პირველ განცხადებას, რომელიც ზოგადი ხასიათისაა და მოკლებულია კონკრეტიკას.

გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის შევიწროვების თაობაზე ბატონი ფადი ასლის მიერ გაკეთებული წინა განცხადება (რომელიც ასევე ზოგადი ხასიათის იყო). განცხადებასთან დაკავშირებით, შედგა შესაბამისი კომუნიკაცია საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) ხელმძღვანელთან ფადი ასლისთან. განცხადების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ მასში მოაზრებული შემთხვევებიდან, ნაწილზე უკვე დასრულებული იყო ადმინისტრაციული წარმოება გადამხდელის სასარგებლოდ, ნაწილზე - მოგვიანებით დაკმაყოფილდა გადამხდელთა მოთხოვნები, ხოლო ერთ შემთხვევაში - უფლების დარღვევის ფაქტი გადამხდელის მიერ არ დადასტურდა.

ჩვენ მზად ვართ, შევისწავლოთ და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა თითოეულ პრობლემაზე. შესაბამისად, მოვუწოდებთ ბატონ ფადი ასლის, ზოგადი ხასიათის განცხადებების ნაცვლად, მოგვაწოდოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ბიზნესის „რეკეტისა" და „შევიწროვების" კონკრეტული შემთხვევები, თუკი ის არ იქნება დასაბუთებული, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ განცხადებაში მოყვანილი შეფასებები მოკლებულია რეალურ საფუძველს და არ ემსახურება ბიზნესის ინტერესების დაცვას", - წერია ბიზნესომბუდსმენის განცხადებაში.

საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა ფადი ასლიმ დღეს პრემიერმინისტრს მიმართა - "უკვე ერთ წელზე მეტია, ვითხოვთ მოიმოქმედოთ რამე და შეაჩეროთ ბიზნესის რეკეტი და შევიწროება, რომელსაც შემოსავლების სამსახური ახორციელებს, რაც საქართველოში ბიზნესის განვითარების ნომერ პირველ დაბრკოლებად იქცა. თქვენ სისტემატურად აიგნორებთ ჩვენს მესიჯებსა და წერილებს, თქვენი დუმილი და უმოქმედობა სიტუაციას კიდევ უფრო აფუჭებს. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, შეაჩეროთ ბიზნესის შევიწროება და ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ თქვენ საბოლოოდ გადადგამთ ნაბიჯებს და მოიმოქმედებთ რამეს ამისათვის. დიდი მადლობა".

კომენტარები