სომეხთა გენოციდი

სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით ერევანში მედიაფორუმი გაიმართა

სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ერევანში მედიაფორუმი გაიმართა. ღონისძიებას 30 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწარებოდა. მათ სიტყვით სომხეთის პრეზიდენტმა მიმართა და გენოციდის აღიარების როლში მედიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სერჟ სარგსიანმა თავის გამოსვლაში თურქეთს გენოციდის აღიარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და ორ სახელმწიფოს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

"ჩვენ გვინდა, შეგვეძლოს გენოციდის ასი წლისთავის თურქ ხალხთან ერთად აღნიშვნა, რაც საფუძველს დაუდებდა ურთიერთობის ნორმალიზაციას. ეს არის 2009 წელს თურქეთსა და სომხეთს შორის გაფორმებული პროტოკოლის მიზანი და მე მოვიწვიე პრეზიდენტი ერდოღანი, რათა ერთად მიგვეგო პატივი გენოციდის მსხვერპლებისთვის 24 აპრილს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მივიღეთ უარყოფითი პასუხი. წელს თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა იმავე დღეს, 24 აპრილს გალიპოლის ბრძოლის 100 წლისთავი აღნიშნოს. ამის ერთადერთი მოტივი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გენოციდის წლისთავიდან გადატანა იყო" - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მინისტრთა კაბინეტის წევრები სიტყვით გამოსვლაში ამბობდნენ, რომ გენოციდი დასრულებულად ვერ ჩაითვლება მანამ, სანამ მას თურქეთი არ აღიარებს. ისინი პოზიტიურად აფასებდნენ ტენდენციას, რომლითაც თურქეთში გენოციდზე ხმამაღლა საუბარი საფრთხის შემცველი აღარ არის. მედია ფორუმს რამდენიმე თურქი ჟურნალისტიც ესწრებოდა. ისინი ორ ქვეყანას შორის რთული ურთიერთობის გამო არსებულ დაბრკოლებებზე საუბრობდნენ.

გენოციდის აღიარების მიმართულებით აქტიურად მუშაობს სრულიად სომეხთა სამოციქულო ეკლესიაც. პატრიარქ კათალიკოსის გარეგინ მეორეს თქმით, 100 წლისთავის აღსანიშნავად, ეკლესია გენოციდის მსხვერპლებს წმინდანებად შერაცხავს და რადგან მათი რაოდენობა დაუზუსტებელია, ეს იქნება კრებითი. გარეგინ მეორემ თურქეთის მხრიდან ზარალის ანაზღაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ გენოციდის აღიარება საკმარისი არ იქნება.

"გენოციდის მსხვერპლებს წმინდანად, კოლექტიურად შევრაცხავთ. სპეციფიკური რიცხვი არ იქნება დასახელებული. მათ შორის შევლენ ის პირები, რომლებიც მათი სახელმწიფოსა და რელიგიის გამო ეწამნენ" - თქვა გარეგინ მეორემ.

მედია ფორუმის მიზანი ჟურნალისტებისთვის გენოციდის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. გენოციდის მუზეუმსა და ხელნაწერთა ინსტიტუტში გენოციდის შედეგებზე, დაღუპულთა ისტორიასა და ახალ კვლევებზე საუბრობდნენ. ისტორიკოსები გამოსვლისას განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს იმ ფაქტს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ევროპაში ბოლო ჩაკეტილი საზღვარია.

"ჩვენ არ გვინდა თურქეთისგან გენოციდის აღიარება ძალდატანების ხარჯზე. იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის საზოგადეობამ აიძულოს ხელისფულება, აღიაროს ისტორიული ფაქტი და მისი შედეგები" - განაცხადა გენოციდის მუზეუმის დირექტორმა ჰაიკ დიმოიანმა.

მედიაფორუმის პარალელურად, 1915 წლის მოვლენებზე ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტმაც. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომხური მხარე მხადაჭერის მოსაპოვებლად ქვეყნების მოქრთამვაში დაადანაშაულა.

"ჩვენი არქივები აქ არის, დოკუმენტაციაც აქაა. ჩვენ გვაქვს ასიათასობით დოკუმენტი, თითქმის მილიონი. თქვენ რამდენი დოკუმენტი გაქვთ? მოიტანეთ თქვენი მასალები და ჩვენ იგივეს ვთხოვთ ისტორიკოსებს, ჩვენს არქივს, პოლიტოლოგებსა და არქეოლოგებს, იმუშაონ ერთად ამ დოკუმენტებზე. ვიპოვოთ სიმართლე. თქვენ ვერ მიიღებთ ვერაფერს თურქეთის წინააღმდეგ პროპაგანდისგან, ქვეყნების მოქრთამვით, უზნეობითა და ლობირებით" - განაცხადა ერდოღანმა.

1915 – 1923 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა განადგურება და იძულებითი მიგრაცია გენოციდად 22-მა ქვეყანამ აღიარა. მათ შორისაა, საფრანგეთი, ამერიკის 43 შტატი, რუსეთი, კანადა, გერმანია, საბერძნეთი და იტალია. თურქული მხარე აღიარებს, რომ 1915 წელს მართლაც დაიხოცა დიდი რაოდენობით ეთნიკური სომეხი, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ ოსმალეთის იმპერიას მიზნად ჰქონდა კონკრეტულად სომხების სრული ან ნაწილობრივი განადგურება. თურქეთის ოფიციალური ვერსიით, ქვეყანაში 1915 წელს სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, სომხები კი ამ ომში ისევე იხოცებოდნენ, როგორც სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. განსხვავებაა მსხვერპლის რაოდენობაშიც – სომხური მხარის ვერსიით, მასობრივ ჟლეტას 1,5 მილიონი სომეხი შეეწირა. თურქულით კი – 300-500 ათასი.

კომენტარები