მთავრობის გადაყენება

ალასანია: მთავრობის შეცვლის შანსი ახლა არ გვაქვს

ტაბულა

პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას შეფასებით, მისმა ფრაქციამ "აბსოლუტურად სწორად და ლოგიკურად" თქვა უარი იმ გეგმაზე, რაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მთავრობის გადასაყენებლად წამოიწყო. საპარლამენტო უმცირესობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დასაწყებად საჭირო რაოდენობის დეპუტატების შეგროვებას იწყებს.

"იმიტომ, რომ ეს შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. ჩვენ რომ გვქონდეს შესაძლებლობა, მართლაც შევცვალოთ მთავრობა დღეს, ეს, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი იქნებოდა, მაგრამ ამის შანსი ახლა არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დამატებითი კიდევ გაურკვევლობა... ისედაც ამ უუნარო მთავრობის პირობებში კიდევ არ უნდა დავუმძიმოთ საზოგადოებას... ამიტომ, ჩემი აზრით, მომავალი არის თანამშრომლობის გზაზე და სწორედ თავისუფალ დემოკრატებს შეგვწევს ეს გამაერთიანებელი ფუნქცია შევასრულოთ" - განაცხადა ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში და აღნიშნა, რომ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი მისმა პარტიამ დიდი ხანია დააყენა.

"ფრაქციამაც არაერთხელ გააკეთა ამაზე განცხადება და მე მართლაც მგონია, რომ იქ [21 მარტის აქციაზე] გასული საზოგადოების ნაწილი გამოხატავს ფართო საზოგადოების განწყობას, ეს დადასტურდა IRI-ის მონაცემებით, ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ღონისძიებას, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ მოსული ხალხი არ წარმოადგენდა ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ნაწილს და მე ძალიან მიკვირს, რომ ორი წლის თავზე ხელისუფლებამ და მმართველმა ელიტამ ვერ ისწავლა, რომ პატივი სცეს საკუთარ ხალხს... რომ ის ოპოზიციის მთავრობაც არის, ესეც ვერ ისწავლეს. ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რაც მათ ძალიან მალე ხელისუფლებისგან გაისტუმრებს" - განაცხადა ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის შეფასებით, "სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს კვებავენ. მათ ერთმანეთი სჭირდებათ და აქედან დასკვნას ვაკეთებ, რომ არც ერთი და არც მეორე არ უნდა იყოს ჩვენთვის მისაღები". ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ "არც წარსულში უნდა საზოგადოებას დაბრუნება, და არც აწმყოთია კმაყოფილი". ალასანიას თქმით, ერთადერთი გზა რჩება, რომ მომავლისკენ გადავდგათ ნაბიჯი, გავერთანდეთ". 

"არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს თვითკმარი რესურსი იმის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. ჩვენ ყველა ვარიანტში მოგვიწევს საზოგადოების ფართო, კომპეტენტური ნაწილის, მოაზროვნე ნაწილის ჩართვით გამოვიყვანოთ ერთობლივად ქვეყანა ამ კრიზისიდან. ჩვენ კი არ უნდა დავყოთ საზოგადოება, არამედ უნდა შევადუღაბოთ და გავაერთიანოთ. პოლიტიკურ ძალებს პარლმენტში შესვლის შემდეგ მოგვიწევს ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა" - განაცხადა ალასანიამ და გადაცემის წამყვანის კითხვაზე განმარტა, რომ ის 2016 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს.

კომენტარები