IRI-ის კვლევა

ვოლსკი: ორგანიზაციები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, დიდი ნდობით არ სარგებლობენ

ტაბულა

ორგანიზაციები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, დიდი ნდობით არ სარგებლობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მთელი რიგი მიზეზების გამო IRI-ის თუ NDI-ის კვლევებში ჩართული ორგანიზაციები ნდობით არ სარგებლობენ, თუმცა, მისი თქმით, კვლევა დაფიქრების საფუძველს იძლევა.

ვოლსკის თქმით, კვლევა ლარის კურსის ვარდნას დაემთხვა და ეს შედეგებზეც აისახა.

„ეს კვლევები დაემთხვა ლარის რყევის საკმაოდ მძლავრ პერიოდს და რასაკვირველია ამან ბევრ საკითხებზე მოახდინა გავლენა“, - განაცხადა ვოლსკიმ. 

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად საქართველოს მთავრობის მიმართ იკლო ნდობის მაჩვენებელმა. თუ წინა კვლევის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტს გამოკითხულთა 69% ენდობოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 48%-ია. მთავრობის მიმართ ნდობა 21%-ით არის შემცირებული.

წინა წელთან შედარებით, 23%-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ხოლო 22%-ით მოიმატა მათმა რიცხვმა, ვინც ფიქრობს, რომ პირიქით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, კვლევაში მონაწილეთა 25% პასუხობს - "დიახ, სწორი", 55% - "არასწორი", ხოლო 20%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ IRI-ის კვლევის დაწყების, 2004 წლის შემდეგ, ყველაზე ცოტა გამოკითხული პასუხობს დადებითად ("დიახ, სწორი მიმართულებით ვითარდება") აღნიშნულ კითხვას. 

კომენტარები