აწარმოე საქართველოში

ბაჩიაშვილი: მიწა არა 1 ლარად, არამედ საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა

გიორგი ბაჩიაშვილი - თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
რუსთავი 2

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, გარდაბანში 2.5 მილიონ ლარად შეფასებული მიწა არა ლარად, არამედ 10-მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით მიიღეს.

"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2.5 მილიონ ლარად შეფასებული მიწა არა ერთ ლარად, არამედ 10-მილიონლარიანი საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს. და არა მის მმართველ კომპანიას, რომლის თანამფლობელები გახლავართ მე და ბატონი უჩა მამაცაშვილი. შენობები უკვე აშენებულია 44 000კვ.მ-ზე, მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყება აპრილში, რომელსაც დაემატება კიდევ 85 000 კვ.მ. უკვე ჩადებულ 10 მილიონ ლარს დაემატება კიდევ 20 მილიონი ლარი სექტემბრამდე. ამ ეტაპზე დასაქმებულია უკვე 108 ადამიანი", - თქვა ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ პროგრამები - "აწარმოე საქართველოში" და თანაინვესტირების ფონდი თავისი წევრების და ლიდერების გამდიდრებისთვის გამოიყენა. პარტიის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, პროექტის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ქალაქ გარდაბანში მდებარე ნაკვეთი ლარად გადასცეს "საქართველოს სათბურის კორპორაციას", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებია" - ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილსა და თანაინვესტორების ფონდის გენერალურ დირექტორ გიორგი ბაჩიაშვილს ეკუთვნით. ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პროექტის "აწარმოე საქართველოში" გამოყენებით ერთ ლარად "ჩაიგდო ხელში" ორმილიონ-ნახევრის ღირებულების უძრავი ქონება.

კომენტარები