ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენცია

ღარიბაშვილი: საბედისწერო შეცდომა იყო, რომ 9 წელი სამარცხვინო მთავრობა გვყავდა

ტაბულა

ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიება აბსოლუტურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტაბულას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საბედისწერო შეცდომა იყო ის, რომ 9 წლის განმავლობაში საქართველოს სამარცხვინო მთავრობა ჰყავდა.

პრემიერმინისტრის თქმით, ხელისუფლება რასაც აკეთებს, აკეთებს აბსოლუტურად გამჭვირვალედ.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარგვემართა ეს პროცესები. ჩვენ შევეცადეთ, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩენილიყო“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპარლამენტარების ნაწილის რეაქცია უგულავას საქმეზე გასაგებია, რადგან, მისი თქმით, ევროპარლამენტში არიან დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ EPP-ს, იმ გაერთიანებას, რომლის წევრიც ნაციონალური მოძრაობაა და, ბუნებრივია, ისინი გამოხატავენ სოლიდარობას.

„ჩვენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას სრულ ინფორმაციას ვაწვდით. პროკურატურა მუშაობს აბსოლუტურად გამჭვირვალედ, არცერთი კითხვა არ რჩება პასუხგაუცემელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა ბოლოს დასძინა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ დადგება კანონზე მაღლა.

შეგახსენებთ, რომ განცხადების ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შორის არიან - რიჩარდ ჟარნეცკი (ევროპის პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი, კონსერვატორთა და რეფორმატორთა პოლიტიკური ჯგუფი), ჰეიდი ჰაიტალა (ევროპის პარლამენტის მწვანეთა პოლიტიკური ჯგუფის წევრი, აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის - ევრონესტის თანათავმჯდომარე), სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ევროპის პარლამენტში), ანა გომეში (სოციალისტთა და დემოკრატთა პოლიტიკური ჯგუფი).

კომენტარები