ტრანსპორტი

Wizzair Ukraine-ის გაუქმების გამო აპრილში კიევი-ქუთაისის რეისი უქმდება

WizzAir

2015 წლის 26 მარტს ავიაკომპანია Wizzair-მა გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილიდან ავიაკომპანია Wizzair Ukraine უქმდება და, შესაბამისად, ავიარეისების განხორციელებას წყვეტს. 

კომპანია ფრენებს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული საომარი ვითარებისა და უკრაინული გრივნის გაუფასურების გამო წყვეტს. 2014 წელს ავიაკომპანია Wizzair-მა ამ მიზეზით უკრაინიდან უკვე ორი საჰაერო ხომალდი გაიყვანა.

გაუქმებული ავიაკომპანიის Wizzair Ukraine-ის სანაცვლოდ, კიევის ჟულიანის აეროპორტიდან ავიარეისებს განახორციელებს Wizzair Hungary, რომელიც დღეს არსებული 16 მიმართულების ნაცვლად, მხოლოდ 8 მიმართულებით იფრენს.

კომპანიის განცხადებით, მგზავრებს, რომლებსაც შეძენილი აქვთ ბილეთები 2015 წლის 20 აპრილის შემდეგ, ავიაკომპანია სრულად აუნაზღაურებს მათ საფასურს. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება და ავიაკომპანია Wizz Air აქტიურად მუშაობენ, რომ გამონახონ გზები, რათა აღადგინონ და შეინარჩუნონ გაუქმებული ავიარესები. 

კომენტარები