ავიაკატასტროფა საფრანგეთში

მარსელის პროკურორი: სავარაუდოდ თვითმფრინავის განადგურება მეორე პილოტს სურდა

საფრანგეთში გერმანული ავიალაინერის კატასტროფა მეორე პილოტის მიზეზით მოხდა, რომელსაც თვითმფრინავის განადგურება სურდა - ამის შესახებ მარსელის პროკურორმა ბრის რობენმა განაცხადა.

გამოძიების ვერსიით, რომელიც შავი ყუთის აუდიოჩანაწერების გაშიფვრას ეყრდნობა, მეორე პილოტმა, 28 წლის ანდრეას ლუბიცმა, კაბინიდან კაპიტნის გასვლის შემდეგ კარი ჩაკეტა და ავტოპილოტი თვითმფრინავის სწრაფ დაშვებაზე ჩართო.

„ჩანაწერებში ისმის, რომ პილოტმა მეორე პილოტს კონტროლი გადააბარა და შემდეგ კარების დაკეტვის ხმა ისმის. შემდეგ მან კარზე დააკაკუნა, თუმცა მეორე პილოტისგან რაიმე პასუხი არ მიუღია. ამ მომენტში, საბოლოო შეჯახებამდე, კაბინაში ადამიანის სუნთქვის ხმა ისმის. ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ისაა, რომ პილოტმა გამიზნულად თქვა უარი კარის გაღებაზე. მან სწრაფი დაშვების ღილაკს ხელი დააჭირა. ამის მიზეზი ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას თვითმფრინავის განადგურება სურდა“, - განაცხადა ბრის რობენმა.

შეგახსენებთ, რომ Airbus 320-ს ბორტზე მყოფი 150 ადამიანიდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. მსხვერპლთა შორის 45 ესპანეთის, 67 გერმანიის და 2 ამერიკის მოქალაქეა. თვითმფრინავის ნამსხვრევები ალპების მთებში 2000 მეტრის სიმაღლეზეა მიმოფანტული.

კომენტარები