ერაყი ტიკრიტის დასაბრუნებლად ISIS-ის წინააღმდეგ საჰაერო შეტევებს იწყებს

www.frontpagemag.com

ერაყში, ქალაქ ტიკრიტში, სადაც ერაყისა და კოალიციის ჯარები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვიან, საჰაერო იერიში დაიწყო.

"ამ იერიშების მიზანია, გაანადგუროს ISIS-ის საყრდენი წერტილები, იხსნას უდანაშაულო ერაყელთა სიცოცხლე და მინიმუმამდე დაიყვანოს ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი. ერაყის მთავრობასა და მოკავშირეების ძალებს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ქალაქიდან განდევნა სურთ", - განაცხადა საერთაშორისო კოალიციის გენერალმა, ჯეიმს ტერიმ.

მან ასევე დაამატა, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო შეტევები ერაყის პრემიერმინისტრის, ჰაიდერ ალ-აბადის მოთხოვნით დაიწყო.

ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, გეგმის მიხედვით, საჰაერო შეტევების პირველი ტალღა ათამდე წინასწარ განსაზღვრულ ობიექტს გადაუვლის.

შეგახსენებთ, რომ ტიკრიტი, რომელიც დასავლური სამყაროსთვის ცნობილი გახდა, როგორც ერაყელი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის, დაბადების ადგილი, ISIS-მა ხელთ ივნისში იგდო. პირველ მარტს ჰაიდერ ალ-აბადმა ტიკრიტისა და სალაჰედინის პროვინციების აღების ბრძანება გასცა. პროვინციების დაბრუნების რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ თუ ერაყი ტიკრიტზე კონტროლს მოიპოვებს, ერაყის მთავრობას შესაძლოა ქალაქ მოსულის, რომელიც ათჯერ დიდია, ვიდრე ტიკრიტი, დაბრუნების იმედი გაუჩნდეს.

კომენტარები