ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ტუღუში: სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე შეგვეძლო ეს წარმოგვედგინა

გიორგი ტუღუში

სისხლის სამართლის საქმეებში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომელიც ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ გამოიკვლია და შესაბამისი ანგარიში მოამზადა, ბევრად მეტი დარღვევა აღმოჩნდა, ვიდრე კვლევის დასაწყისში შეიძლებოდა წარმოდგენა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ტუღუშმა ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში განაცხადა.

ტუღუშის თქმით, კვლევისას ორგანიზაციამ გამოიყენა იგივე სტანდარტი, რასაც იგი თავად იყენებდა სახალხო დამცველად მუშაობის დროს. „როდესაც ჩადიხარ ამ საქმეების დეტალებში, სურათი გაცილებით მძიმეა, ვიდრე შეგვეძლო ეს წარმოგვედგინა, იქედან გამოდინარე, რა დარღვევები იკვეთება და რა აბსურდამდე მივდივართ ზოგიერთ სისხლის სამართლის საქმეში", - განაცხადა ტუღუშმა .

„ჩვენ თუ დავაკვირდებით ბოლოდროინდელ პროცესებს, როდესაც ყველა ყოფილი თანამდებობის პირები ოპოზიციური პარტიიდან ან წინასწარ პატიმროაბაში არიოან , ან ქვეყანა აქვს დატოვებული იმის გამო, რომ არ იყოს წინასწარ პატიმრობაში, ასევე თუ ვნახავთ იმ მრავლობით სისხლის სამართლის საქმეებს, გამუდმებით წარმოდგენილ ახალ-ახალ ბრალებს... მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე საქმეში სააკაშვილთან და უგულავასთან მიმართებაში საერთოდ ბრალეულობის ნიშნები არ იკვეთება რამდენმე ეპიზოდში. ძალიან საინტერესოა, როდესაც სააკაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე ერთ-ერთ საქმეზე არის ბურჯანაძე, მეორე საქმეში კი ირაკლი ოქრუაშვილი. როგორ დამაჯერებლობას მატებს ეს სისხლის სამართლის საქმეს და იქ არსებულ ჩვენებებს, ამაზე დიდი მსჯელობა არ დაგვჭირდება", - განაცხადა ტუღუშმა.

მისი თქმით, „ამას ემატება ისიც, რომ, მაგალითად იგივე სითი-პარკის საქმეზე პროკურატურა უგულავას ედავება უკანონო ბრძანების გამოცემას კანონთან მიმართებაში, რომელიც ამ ბრძანების გამოცემიდან 10 თვის შემდეგ მიიღეს. ეს ბრძანება დღემდე მოქმედებს და ასეთივე წესით ნაწილდება თანხა ნარმანიას ხელში, როგორც უგულავას პერიოდში. უგულავას ამის გამო ბრალი აქვს წარდგენილი".

ტუღუში აღნიშნავს, რომ შესწავლილ საქმეებში დისკრიმინაციისა და შერჩევითი სამართლის მრავალი ნიშანი იკვეთება. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუა 3 წლიან სასჯელს იხდის იარაღის უკანონო ტარებისთვის, როდესაც მსგავს ფაქტებზე ბოლო პერიოდში ყველა ჯარიმით არის გათავისუფლებული და პატიმრობა არ არის გამოყენებული.

ასევე, მის თქმით, გიგი უგულავას წაუყენეს ბრალი მარნეულის საარჩევნო კომისიაზე ზეწოლისთვის, „როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში არც დაწყებულა გამოძიება ამაზე უფრო მძიმე ეპიზოდებზე, მაგალითად სენაკს გამგეობის ერთი თვით პარალიზებაზე ქართული ოცნების მიერ და ა. შ."

კომენტარები