ე.წ. კაბელების საქმე

სესიაშვილი: ე.წ. კაბელების საქმეზე ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი

ირაკლი სესიაშვილი
facebook.com/irakli.sesiashvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის მოსაზრებით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ყველა მხარემ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს.

"ვთვლი, რომ ჩვენ ყველამ, მათ შორის, თავისუფალმა დემოკრატებმა მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი, იმიტომ, რომ სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. არის ბრალდებისა და დაცვის მხარე. შესაბამისად, ამ დავის პირობებში უნდა მივიდეთ ჭეშმარიტებამდე. სწორედ ეს არის დეპოლიტიზირებული მიდგომა საქმისადმი", - თქვა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატებმა და პროკურორმა საქმის მასალები სასამართლოს ჩააბარეს. პროცესი ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობდა. ადვოკატების თქმით, პროკურორი მათ ცარიელ ოქმზე ხელის მოწერას სთხოვდა. ბრალდების მხარე კი ირწმუნება, რომ ის არა ოქმზე, არამედ იმ მტკიცებულებათა ნუსხაზე ითხოვდა ხელისმოწერას, რომელებიც ადვოკატებს გუშინ სრულად გადაეცათ.

ადვოკატების თქმით, პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ბრალდების მხარემ გუშინ 2 დამატებითი ექსპერტიზა დანიშნა. პროკურორი კი ამბობს, რომ დამატებითი შესწავლის მიზეზი დაცვის მხარის მიერ მიწოდებული მასალები გახდა.

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წინასასამართლო სხდომა 1 აპრილს გაიმართება.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

კომენტარები