ე.წ. კაბელების საქმე

პროკურორი: კაბელების საქმეზე სასამართლოსა და პროკურორებზე ზეწოლას არ დავუშვებთ

ლევან ბაჩიაშვილი - პროკურორი
პროკურატურა

პროკურორ ლევან ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. კაბელების საქმეზე პოლიტიკური ძალები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. მისი თქმით, პროკურორები ასეთი სახის ზეწოლას არ დაუშვებენ. ბაჩიაშვილის ცნობით, აღნიშნულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს დაუდგენელი თანამდებობის პირების მიმართ სახელმწიფო თანხის გაფლანგვის ფაქტზე, რაზეც ინტენსიურად გრძელდება გამოძიება.

"დასრულდა გამოძიება ხუთი ბრალდებული პირის მიმართ და საქმე სასამართლოში წარიმართა განსახილველად. აღნიშნულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს დაუდგენელი თანამდებობის პირების მიმართ სახელმწიფო თანხის გაფლანგვის ფაქტზე, რაზეც ინტენსიურად გრძელდება გამოძიება. მინდა, განვაცხადო, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალა თავიანთი განცხადებებით ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, საქმეს მისცენ პოლიტიკური ელფერი და ზეგავლენა მოახდინოს როგორც საქმის პროკურორებზე, ასევე სასამართლოზე. საქმის არცერთი პროკურორი არ დაუშვებს ასეთი სახის ზეწოლას, ვინაიდან ჩვენ ვემსახურებით კანონს და არავინ დგას კანონზე მაღლა. ის განცხადება, რომ თითქოს ადვოკატებს არ გადასცემიათ საქმის მტკიცებულებები, არის ადვოკატების მხრიდან მორიგი სიცრუე ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, ადვოკატებს უწყების მხრიდან ყველა საჭირო მასალა მიღებული აქვთ", - თქვა ბაჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ადვოკატებმა და პროკურორმა საქმის მასალები სასამართლოს ჩააბარეს. პროცესი ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობდა. ადვოკატების თქმით, პროკურორი მათ ცარიელ ოქმზე ხელის მოწერას სთხოვდა. ბრალდების მხარე კი ირწმუნება, რომ ის არა ოქმზე, არამედ იმ მტკიცებულებათა ნუსხაზე ითხოვდა ხელისმოწერას, რომელებიც ადვოკატებს გუშინ სრულად გადაეცათ.

ადვოკატების თქმით, პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ბრალდების მხარემ გუშინ 2 დამატებითი ექსპერტიზა დანიშნა. პროკურორი კი ამბობს, რომ დამატებითი შესწავლის მიზეზი დაცვის მხარის მიერ მიწოდებული მასალები გახდა.

ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წინასასამართლო სხდომა 1 აპრილს გაიმართება.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.

კომენტარები