ბავშვების სასკოლო ასაკი

ერთი წლის დაკარგვა, თუ ფსიქოლოგიური ტრავმა ბავშვისთვის

ერთი წლის დაკარგვა თუ ფსიქოლოგიური ტრავმა ბავშვისთვის - პირველი კლასელის მინიმალური ასაკის შესახებ ფსიქოლოგებს, მშობლებს, დეპუტატებს, პედაგოგებსა და განათლების სამინისტროს განსხვავებული პოზიციები აქვთ.

ფსიქოლოგთა ნაწილი თანხმდება, რომ ბავშვისთვის სკოლაში შესასვლელად 5 წელი ადრეა და ზღვარი მინიმუმ 6 წელი უნდა იყოს. მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ფსიქოლოგი ლევან ზარდალიშვილი ტაბულასთან აცხადებს, რომ ბავშვის გონებრივი მზაობა არ ნიშნავს ფსიქოლოგიურს. ანუ იმის გამო, რომ 5 წლის ბავშვმა კარგად იცის ლექსები ან წერა-კითხვა, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის ემოციურად მზადაა შეეგუოს ახალ რეალობას. ფსიქოლოგი იმ ტრავმებზეც საუბრობს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევ ასაკში სწავლის დაწყებამ.

განსხვავებული მიდგომა აქვს ფსიქოლოგ ზაზა ვარდიაშვილს. მისი თქმით, ემოციური მზაობა ინდივიდუალურია და ის არა ასაკზე, არამედ სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ზაზა ვარდიაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლაში მიყვანის დროის განსაზღვრა ინდივიდუალური შერჩევით უნდა მოხდეს.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება გასულ წელს შევიდა, რომლის მიხედვით სკოლაში ბავშვის შეყვანის მინიმალურ ზღვრად 6 წელი დაწესდა. კანონპროექტის ინიციატორი განათლების სამინისტრო დღესაც ამ პოზიციაზეა. განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობის ნაწილს. პარლამენტმა გასულ კვირაში პირველიმხარი დაუჭირა უმცირესობის დეპუტატის, კობა სუბელიანის კანონპროექტს, რომელიც ბავშვის 5 წლის ასაკში სკოლაში შეყვანის დაშვებას გულისხმობს. კობა სუბელიანი აცხადებს, რომ მისი ინიციატივა 6 წელს მიტანებულ, შემოდგომაზე დაბადებულ ბავშვებს ეხება. უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატმა სუბელიანის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგებლობაში მიიჩნევენ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვები ყველაზე უკეთ სწავლობენ ისეთ გარემოში, სადაც წახალისებულია თამაში. UNICEF-ში აღნიშნავენ, რომ ბავშვებს სჭირდებათ ეს დამატებითი ერთი წელიწადი სკოლამდელი განათლების აქტივობებით.

ტაბულა დაინტერესდა მოქალაქეების აზრითაც, უნდა შეიყვანონ თუ არა 6 წლამდე ასაკის ბავშვი სკოლაში. მათი პოზიციები განსხვავებულია, თუმცა უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ თუ ბავშვი მზადაა, რამდენიმე თვით ადრე მისი სკოლაში შეყვანა შეიძლება.

ბავშვის სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა განათლების მინისტრმა. თამარ სანიკიძის თქმით, სამინისტრო საჯარო სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წლიდან წინასასკოლო მზაობის პროგრამების დანერგვას იწყებს.

კობა სუბელიანის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მომავალ კვირას გაგრძელდება.

კომენტარები