ბორის ნემცოვის მკვლელობა

უცნობმა პირებმა ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას სახალხო მემორიალი დაშალეს

tvrain.ru

მოსკოვის დროით დაახლოებით ორ საათზე შავებში ჩაცმული მამაკაცების ჯგუფმა ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას მოწყობილი სახალხო მემორიალი დაშალა.

მკვლელობის შემდეგ, ადგილას, რომელსაც არაოფიციალურად ნემცოვის ხიდსაც ეძახიან, მოკლული ოპოზიციონერისთვის პატივის მისაგებად ადამიანებს ყვავილები, სანთლები, დროშები და ფოტოსურათები მოჰქონდათ.

ინციდენტის შემდეგ, ხიდზე მემორიალის კვალი აღარ დარჩა, თუმცა, მომხდარიდან რამდენიმე საათში ადამიანებმა მკვლელობის ადგილას სანთლებისა და ყვავილების მიტანა განაახლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი კრემლიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით მოხდა, პოლიციას ამ ადამიანებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ ხიდზე მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

მსგავსი შემთხვევა 25 მარტსაც მოხდა. გვიან ღამით რადიკალური ორგანიზაციის, რუსული გამათავისუფლებელი მოძრაობა SERB-ის წევრები ეცადნენ მემორიალის დარბევას. თუმცა, მაშინ მოძრაობა სოლიდარობის წარმომადგენლებმა მემორიალის დაცვა შეძლეს. SERB-ის წევრები დაიმუქრნენ, რომ მემორიალის დასაშლელად დაბრუნდებოდნენ.

შეგახსენებთ, მოსკოვში, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს, ხიდზე 6 გასროლით მოკლეს.

კომენტარები