კორუფციასთან ბრძოლა

Українська правда: ანტიკორუფცია უკრაინულად, ქართული სამზარეულოს რეცეპტით

twitter.com/Yatsenyuk_AP

“ანტიკორუფცია უკრაინულად, ქართული სამზარეულოს რეცეპტით”, - ამ სათაურით სტატიას უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა, "Українська правда" ავრცელებს.

სტატიის ავტორი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის მთავრობის სხდომაზე, კაბინეტის წევრებისა და ჟურნალისტების თვალწინ დააკავებას ეხმაურება. მისი აზრით, ეს ფაქტი კორუფციასთან ბრძოლის წარმატებული დასაწყისია. თუმცა, ავტორი თვლის, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნების რეზონანსული დაკავების გარდა და საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ განვლილი გზის მხოლოდ გარეგნული მხარის გადმოღების გარდა, უკრაინას კიდევ ორი მნიშვნელოვანი პირობის შესრულება სჭირდება. ეს კი გულისხმობს, გამონაკლისის გარეშე, ყველა კორუმპირებულისადმი ნულოვან ტოლერანტობას და კორუფციასთან სისტემური ბრძოლისთვის მყარი სამართლებრივი საფუძვლის შექმნას. ავტორის თქმით, ეს სამივე პირობა საქართველომ წარმატებით შეასრულა.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ გარეგნული მსგავსება საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩატარებულ ანტიკორუფციულ კამპანიასა და უკრაინაში ღირსების რევოლუციის შემდგომ კამპანიას შორის აშკარად შეინიშნება.

“თუმცა, ამ გარეგნულ მსგავსებაზე დაყდნობით და მხოლოდ პირველი საჯარო დაკავებით არ ღირს ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა იმაზე, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება ქართველი წინამორბედების მიერ განვლილ გზას იმეორებს. შეიძლება მხოლოდ იმის მცდელობაზე საუბარი, რომ პრაქტიკაზე დაყრდნობით იქმნება უკრაინისთვის კორუფციული სქემების საწინააღნდეგო ახალი პარადიგმა”, - წერს ავტორი.

სტატიაში ავტორი სვამს კითხვას - შეძლებს თუ არა ქვეყანა, რომელიც ყელამდეა ჩაფლული კორუფციაში, ასეთ ამოცანებს გაუმკლავდეს? მისი აზრით, ქვეყანა სწორ გზაზე დგას და სახელმძღვანელოდ საქართველოს წარმატებული მაგალითი აქვს.

“უკრაინა ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან წარმატებული უკრაინული ბრძოლის გზაზე. ამ გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს წინამორბედების წარმატებული გამოცდილების გაზიარებას. რეფორმების დაწყების დროს, 11 წლის წინ, საქართველო უკიდურესად კორუმპირებული ქვეყანა იყო. სწორედ ამიტომ, სააკაშვილმა თავიდანვე გამოაცხადა ომი კორუფციის გასანადგურებლად. პირველი თვეების განმავლობაში, რეგულარული იყო საჯარო დაკავებების პრაქტიკა. ამის ინიციატორებმა მიზანს მიაღწიეს - აჩვენეს, რომ მიუხედავად კავშირებისა, ნათესაობისა, ამა თუ იმ კლანისადმი კუთვნილებისა და ქონების სიდიდისა, კანონი ყველაზე ვრცელდება: ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მიიღებს სასჯელს. მთავარია არა ჩინოვნიკების გვარები, არამედ თავად პრინციპი. ეს პრინციპი იმ დონემდე მუშაობდა, რომ სააკაშვილის დროს პირველი გენერალური პროკურორი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც პირადად დააპატიმრა კორუფციაში ბრალდებულები ერთი მეორის მიყოლებით, საკუთარი კორუფციული სქემის შექმნის მცდელობისთვის ციხეში აღმოჩნდა”, - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ ქართველებმა შეძლეს იმ ამოცანის გადაჭრა, რომელსაც ახლა უკრაინის ხელისუფლებაც ჭრის და რაც ისტორიის კონკრეტულ ეტაპზე, კონკრეტულ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის ადეკვატური მექანიზმის შექმნას გულისხმობს. თუმცა, ის ხაზს უსვამს, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლა არა მასობრივი დაკავებებით, არამედ ანტიკორუფციული კამპანიის სამართლებრივად უზრუნველყოფით დაიწყო, რისი რეალიზებაც სწრაფად და ეფექტურად შეძლო.

“უკრაინას ჯერ კიდევ წინ აქვს საკუთარი უნიკალური და ადეკვატური, 2015 წლის პირობებთან შესაბამისი, კორუფციაზე გამარჯვების რეცეპტის შექმნა. ომი და გაღრმავებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი მოითხოვს, ქირურგისთვის დამახასიათებელ, სწრაფ და ზუსტ მოქმედებას. თუ ის ასე იმოქმედებს, უკრაინა შეძლებს, დაწეროს საკყთარი წარმატების ისტორია ტოტალური კორუფციის წინააღმდეგ გალაშქრების შესახებ”, - ვკითხულობთ სტატიის დასასრულში.

კომენტარები