ბესიკ ხარძიანის მკვლელობა

მთავრობა: ხარძიანის საქმეზე უსაფუძვლო ბრალდება ჩვენ დისკრედიტაციად ჩაითვლება

radiotavisupleba.ge

საქართველოს მთავრობა მოუწოდებს ყველას, ბესიკ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალდების შემთხვევაში, კონკრეტული დასაბუთება წარმოადგინონ. "წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერმინისიტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად", - ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების მიხედვით, კატეგორიულად მიუღებელია ბესიკ ხარძიანის საქმეზე დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ ბესო ხარძიანის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დამნაშავის დადგენა და დასჯა.
ამ დღეებში მომხდარზე ბევრი კომენტარი კეთდება სხვადასხვა სატელევიზიო ეთერში. გაისმა ბრალდებები მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ. გვინდა მოვუწოდოთ ყველას, ბრალდების შემთხვევაში წარმოადგინონ კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერმინისიტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სწორედ სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს", - წერია განცხადებაში.

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს, შაბათს, 28 მარტს, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, თავს ჯერჯერობით უცნობი პირი დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღით თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. საავადმყოფოს პრესსამსახურის ცნობით, ხარძიანი საოპერაციოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. საქმეს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, მკვლელობის უმოკლეს დროში გამოძიებისკენ მოუწოდა.

კომენტარები