კონფლიქტები

მენტალური ეთნოწმენდა აფხაზეთში

გიორგი ვარსკნელიძე
0 კომენტარი

2015 წლის 26 მარტს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ აფხაზეთის ხელისუფლების გეგმები დააანონსა - გალის რაიონის ქვედა ზონის 11 სკოლაში განათლების პროცესი ქართული წიგნებით აღარ განხორციელდება და მას სექტემბრიდან რუსული ენა ჩაანაცვლებს.

გალის რაიონის (აფხაზების გავლებულ საზღვრებში) 20 სკოლიდან 11-ში დღემდე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნებით ასწავლიან. რაც შეეხება ზედა ზონის და რაიონის ომამდელ საზღვრებში შემავალი (აფხაზებმა გალის რამდენიმე სოფელი ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებს მიუერთეს) სხვა სოფლების სკოლებს, იქ უკვე დიდი ხანია განათლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს და ქართული ენა მხოლოდ რამდენიმე საათით ისწავლება, ისიც როგორც რიგითი საგანი. ასეთი ვითარება, გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებს თბილისისა და სოხუმის ორმაგი იურისდიქციის ქვეშ აქცევს. ბუნებრივია, ამგვარი „ქართული ანკლავის“ არსებობა აფხაზურ მხარეს აქამდეც არ ეპიტნავებოდა, მაგრამ რადიკალური ნაბიჯებისგან მაინც თავს იკავებდა. თუმცა, თუ აქამდე აფხაზები ამ პრობლემას წაუყრუებდნენ, გალის რაიონის ახალი დე ფაქტო ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე საკითხმა ხელახლა იჩინა თავი. აფხაზეთის ომის ვეტერანის და ეთნიკური აფხაზის, თემურ ნადარაიას ეს ინიციატივა, მისი ხმაურიანი გეგმებიდან ერთ-ერთია - ცოტა ხნის წინ ნადარაიამ, გალში მეგრულ, რუსულ და აფხაზურ ენაზე მაუწყებლობის დაწყების სურვილი გამოთქვა.

აფხაზები გალის რაიონის ქართული სკოლების რუსულად გადაკეთებას მარტივად ვერ შეძლებენ: 1) მოსაძიებელია რუსული წიგნები, რომლებითაც ქართულის ჩანაცვლება მოხდება და ამას დიდი სახსრები დასჭირდება; 2) მოსამზადებელია მასწავლებლები. იქ მომუშავე მასწავლებლების უმრავლესობა ხომ მხოლოდ ქართულსა და მეგრულს ფლობს და ერთი ხელის მოსმით, მათ რუსულ ყაიდაზე გადაყვანას ვერც ფული და ვერც წიგნები მოახერხებენ; 3) იგივე შეიძლება ითქვას იქაურ მოსახლეებზეც - მოსწავლეების და მათი მშობლების უმრავლესობამ რუსული არ იცის. მიუხედავად ამ ორგანიზაციული სირთულეებისა, აფხაზები ყველანაირად ეცდებიან გეგმა სისრულეში რაც შეიძლება სწრაფად მოიყვანონ და ალბათ, დროთა განმავლობაში მიაღწევენ კიდეც სასურველ შედეგებს.

ეს შედეგები კი, საქართველოსთვის აფხაზეთის ხელახლა დაკარგვის ტოლფასი იქნება. იქაური ქართველებისთვის კი, დევნის და შევიწროების ახალი ტალღის დაწყებას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით შეუძლებელი და შეურაცხმყოფელიც კია იმაზე საუბარი, რომ განათლების რუსულად მიღება იქაურ ქართველებს ავტომატურად გაარუსებს ან გაააფხაზებს. მაგრამ, ხელისუფლების და საზოგადოების მხრიდან გულგრილობამ შესაძლოა იმაზე უფრო სავალალო შედეგები მოგვცეს, ვიდრე ახლაა.

საქმე ისაა, რომ ომის შემდგომი წლებისგან განსხვავებით, აფხაზური საზოგადოების დამოკიდებულება გალის ქართველობის მიმართ ნაწილობრივ შეიცვალა. თუ აქამდე მათი მიზანი, გალის ქართველების ფიზიკური განადგურება იყო, დღეს ამაზე ღიად აღარავინ საუბრობს. აფხაზების ახალი სტრატეგია - ქართველების მენტალობის შეცვლას გულისხმობს. ჯერ იყო და გალის ქართველებს მათ მეგრელობას ახსენებდნენ და ამით დანარჩენ ქართველებთან დაშორებას უპირებდნენ. ამან რომ არ გაჭრა, აფხაზებმა გალელების „აფხაზური ფესვების“ დაბრუნებაზე ზრუნვა დაიწყეს და შექმნეს კიდეც ორგანიზაცია, რომელიც „სამუზაყანოელ აფხაზებს“ აერთიანებს.

ამასობაში, წამოიზარდა თაობა, რომელსაც ომის სიმძიმე საკუთარ თავზე არ გამოუცდია, არც 1994 წლის, არც 1998 წლის და არც შემდგომი წლების ეთნოწმენდა არ ახსოვს. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ბოლო წლებში, სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტი არჩევს სოხუმში არსებულ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას. გალის სკოლების კურსამთავრებულები უნივერსიტეტის განათლებას უფასოდ იღებენ და თუ რუსული განათლება აქვთ მიღებული, ურჩევნიათ სწავლა რუსულად გააგრძელონ, ვიდრე ქართულად, საქართველოს უნივერსიტეტებში. ამას თან ერთვის ისიც, რომ აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტებით სარგებლობენ, რაც ბევრისთვის საკმაოდ სახარბიელო შესაძლებლობაა.

არცთუ ისე იშვიათია იქაური ქართველების მიერ აფხაზეთის საგანმანათლებლო, სპორტულ და მუსიკალურ ღონისძიებებში მონაწილეობა. 20 წლის წინ ალბათ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ქართველი არტემ კაჭარავა ომის აფხაზ მებრძოლებს სოხუმის სცენიდან აფხაზურ სიმღერას მიუძღვნიდა, ანკი იმას, რომ დევნილობაში გაზრდილ ფეხბურთელ ირაკლი ქორთუას სოხუმის დინამოში ვიხილავდით.

საუბარი რომ არ გაგვიგრძელდეს, წერილის თემას და მომავალზე ფიქრს დავუბრუნდეთ.

ნადარაიას გეგმებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხი ჯერჯერობით დუმილით შემოიფარგლება. სდუმს რეინტეგრაციის სამინისტრო, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოება. მედიამაც საკითხი ჩვეულებისამებრ, აქა-იქ და ისიც ზედაპირულად გააშუქა. ეს ყველაფერი ზოგს შეიძლება ბუნებრივადაც კი მოეჩვენოს; ერთი შეხედვით, საქართველოს ხელისუფლებას ვითარების შეცვლის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. რაც თავისთავად უაღრესად მცდარი დამოკიდებულებაა და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთში დარჩენილი ქართველების ბედი დიდად არავის აღელვებს.

მსჯელობა რომ პესიმისტურად არ დავასრულოთ, წარმოგიდგენთ იმ ორ ნაბიჯს, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები

გალში არსებული პრობლემების ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დასმა ყველაზე აპრობირებული ხერხია. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის, ასევე ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მოლაპარაკებების მონაწილეები რამდენიმე თვეში ერთხელ იკრიბებიან და უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში განიხილავენ. ჟენევის მოლაპარაკებები აფხაზი ლიდერებისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის ერთადერთი ფორმატია და აქ საკითხის მწვავედ დასმა საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა.

ამასთანავე, აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების დე ფაქტო ადმინისტრაციის გეგმებით დაინტერესება. დისკუსიების 32-ე რაუნდი 30 ივნისს - 1 ივლისს გაიმართება და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თანათავმჯდომარეებმა დროულად მიიღონ ინფორმაცია ვითარების შესახებ.

2015 წლის 18 თებერვალს, მოლაპარაკებების 31-ე რაუნდის მოსამზადებლად და არსებული ვითარების გასაცნობად, აფხაზეთს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ეწვივნენ. მათ განსაკუთრებულ ინტერესს გალის რაიონში ქართული ენის სწავლების საკითხი წარმოადგენდა; დიპლომატები ჯერ გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელს შეხვდნენ, შემდეგ კი თაგილონისა და ნაბაკევის ქართული სკოლები მოინახულეს.

თემურ ნადარაიასთან საუბრისას, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა აღნიშნა, რომ მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა მისასალმებელია და საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით, ექსპერტული დახმარების სურვილი გამოთქვა. თანათავმჯდომარეების გალში განათლების საკითხით დაინტერესება და ექსპერტული დახმარების გაწევის სურვილი ნოყიერი ნიადაგია აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის განსახორციელებლად.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური

ყველაზე უფრო რადიკალური და ეფექტიანი ხერხი ენგურჰესიდან მიწოდებული დენის საკითხის გამოყენებაა. ენგურჰესი ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული თანამშრომლობის ყველაზე უფრო წარმატებული მაგალითია; წყალსაცავი წალენჯიხის მუნიციპალიტეტშია მოქცეული, ხოლო სამანქანო დარბაზი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში. გამომუშავებული ენერგიის 40% აფხაზურ მხარეს უსასყიდლოდ გადაეცემა, 60% კი დანარჩენ საქართველოს ხმარდება. მიუხედავად ამისა, ენგურჰესი დღემდე საქართველოს კუთვნილებაშია იურიდიულადაც და ორგანიზაციულადაც. საქართველოს ხელისუფლება აფინანსებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც. 2016 წელს გვირაბის სარემონტო სამუშაოების გამო, ენგურჰესის მთლიანად გათიშვა იგეგმება, რაც აფხაზეთს დენის წყაროს გარეშე დატოვებს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, ელექტროენერგიით მოამარაგოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები“.

მიუხედავად იმისა, რომ დენის შეწყვეტა არცერთი მხარის ინტერესში არ შედის - აფხაზეთი უფრო მეტად არის დამოკიდებული ენგურჰესზე, ვიდრე დანარჩენი საქართველო. ამიტომ, პირველ ეტაპზე, უნდა მოხდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განცხადების გაკეთება და იმის დაფიქსირება, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება მზად იქნება ენგურჰესზე თანამშრომლობის საკითხს გადახედოს. ვითარების გამწვავების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება რადიკალურ ნაბიჯებსაც არ უნდა მოერიდოს. საქმე ხომ ჩვენს თანამოქალაქეებს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება.

საქართველოს ხელისუფლებამ მოქმედება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. გალელი ქართველები უნდა დავარწმუნოთ, რომ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანნი არიან და რომ, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, მათთვის რადიკალურ ნაბიჯებსაც არ მოვერიდოთ. ილუზიების დრო უნდა დასრულდეს - საქართველოსადმი ლოიალობა აფხაზეთში მცხოვრებთაგან მხოლოდ ქართველებს აქვთ და მხოლოდ მათ ექნებათ უახლოეს მომავალში - ამას კი მოფრთხილება და სწორად გამოყენება სჭირდება. საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა მწვანე შუქი იქნება ქართველების ეთნიკური წმენდის ახალი ტალღისათვის, რომელსაც თამამად შეიძლება მენტალური ეთნოწმენდა ეწოდოს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები