საბანკო სექტორი

თებერვალში საქართველოს ბანკების წმინდა მოგებამ 46 მილიონი ლარი შეადგინა

REUTERS | Associated Press

ეროვნული ბანკის ინფორმაციით თებერვალში საქართველოში არსებული 20 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 46 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის თებერვლის მაჩვენებელს 7 მილიონით აღემატება. წმინდა მოგების ზრდის მიუხედავად თებერვალში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით ანუ 38 მილიონით არის გაზრდილი და 294 მილიონ ლარს შეადგენს. 

საბანკო სექტორის შემოსავლები სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელების სიდიდითაც განისაზღვრება.

2015 წლის თებერვალში საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 14.2 მილიარდი ლარი შეადგინა. თებერვალში ეროვნულ ვალუტაში არსებული სესხების მოცულობა 1.5%-ით, უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების მოცულობა კი 5%-ით გაიზარდა

სადეპოზიტო პორტფელის მთლიანმა ღირებულებამ თითქმის 12 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც 64% აშშ დოლარში არის დენომინირებული, რაც 0.71%-ით აღემატება გასული წლის თებერვლის მაჩვენებელს. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საშუალო შეწონილი სადეპოზიტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში 7.1%-ს, უცხოურ ვალუტაში კი 4.8%-ს უტოლდება.

თებერვლის მდგომარეობით კომერციული ბანკების თითქმის 22-მილიარდლარიანი აქტივებიდან, 3.6 მილიარდი ლარი ბანკების საკუთარი სახსრებია.

კომენტარები