სტიქია

ძლიერი ქარის გამო, სამეგრელოში ელექტროენერგია 17 308 აბონენტს არ მიეწოდება

ძლიერი ქარის გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგია 17 308 აბონენტს არ მიეწოდება. ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლის ეკა ურიდიას თქმით, ქარმა სადენები დააზიანა და აბონენტებისთვის დენის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღდგება. 

ამასთან, ზუგდიდში ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე სოფელი დაზარალდა. გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძლიერმა ქარმა სახურავი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ რამდენიმე ობიექტს და შვიდ კერძო სახლს გადახადა. მათივე ინფორმაციით, ასევე დაზიანებულია რამდენიმე საბავშვო ბაღისა და სოფელ ჩხორიის გამგეობის შენობის სახურავი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შეიქმნა და ზარალის ზუსტი ოდენობა, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილია.

ზუგდიდში ძლიერმა ქარმა სამი საჯარო სკოლაც დააზიანა. ძლიერმა ქარმა ზუგდიდის პირველ, მესამე და სოფელ რუხის საჯარო სკოლებს სახურავი გადახადა, რის გამოც აღნიშნულ სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. 

გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა დააზარალა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებიც. წალენჯიხის რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს და კერძო სახლს სახურავი გადახადა. როგორც ინტერპრესნიუსს წალენჯიხის რაიონის გამგებელმა გოგა გულორდავამ განუცხადა, დაზიანდა ორი საჯარო სკოლის სახურავიც. ასევე, შვიდი ავტომობილი, რომლებსაც სახურავი დაეცა. 

ზუგდიდის და წალენჯიხის გარდა, ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელიც (ქვედა ჩხოროწყუ, ლესიჭინე, ახუთი, ნაკიანი, კირცხი, ზუმი) დააზარალა. ჩხოროწყუს გამგეობის ინფორმაციით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, სოფელ ლესიჭინესა და ქვედა ჩხოროწყუში საავტომობილო სავალ გზაზე წაქცეულია ხეები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები. 

კომენტარები