ქალაქის იერსახის დამახინჯება

შსს: ბოკერიას, თარგამაძის სახლებთან მომხდარზე დამნაშავე ჯერ არ გამოკვეთილა

ენმ-ის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას და პარტიის წევრ გივი თარგამაძის სახლებთან მომხდარ ინციდენტებზე ჯერჯერობით არავინაა დაკავებული და გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, "საქმის წარმოება მიმდინარეობს პირის დადგენა/დაკავების მიზნით, რათა გამოიკვეთოს, ვინ ჩაიდინა".

აღსანიშნავია, რომ 12 მარტს ქალაქ თბილისში, მოსეშვილის N12-ში, სადაც დეპუტატი გივი თარგამაძე ცხოვრობს, თავისუფალი თაობის აქტივისტებმა კორპუსის კედლებზე და ასფალტზე წარწერები გააკეთეს. შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც შენობათა ფასადებზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურ შესრულებას გულისხმობს.

2 დღის შემდეგ, 14 მარტს თავისუფალი თაობის აქტივისტებმა ნაციონალური მოძრაობის მიერ 21 მარტს დაგეგმილი აქცია ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივნის, გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია ტაბულას გენერალური დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის საცხოვრებელ საახლთან გააპროტესტეს. თავისუფალი თაობის წევრებმა კორპუსის კედლებზე შეურაცხმყოფელი სიტყვებიც დაწერეს. გამოძიება ამ შემთხვევაშიც 150-ე მუხლით დაიწყო.

მანამდე პოლიციამ ქუჩებში წარწერების "21 მარტი, ბიძინა წადი" გაკეთებისთვის თავისუფალი ზონის 4 წევრი დააკავა. ორგანიზაციის 5 წევრი კი გასული წლის 28 აგვისტოს გალაკტიონის ხიდის მოაჯირის შეღებვისთვის დააკავეს. მაშინ უწყებაში თქვეს, რომ ხიდის მოაჯირის შეღებვა ქალაქის იერსახის დამახინჯებაა და კანონით აკრძალულია. თავისუფალი ზონის წევრები ხიდის მოაჯირს უკრაინის დროშის ფერებში ღებავდნენ.

27 მარტს კი სამართალდამცველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მიშას გზის“ წევრები დააკავეს, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ გადასასვლელში წარწერას - "მიშას გზა" - აკეთებდნენ.

კომენტარები