საფრანგეთის ადგილობრივი არჩევნების II ტურში ნიკოლა სარკოზის პარტიამ გაიმარჯვა

France's President Sarkozy attends a meeting with health responsibles at the Brie-Comte-Robert hospital
Philippe Wojazer / REUTERS

საფრანგეთის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში პირველ ადგილზე ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პარტია გავიდა. წინასწარი მონაცემებით, კავშირმა სახალხო მოძრაობისთვის სულ მცირე 65 ადგილობრივ საბჭოში გაიმარჯვა. მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ კი, მხოლოდ 34-ში. ადგილობრივ არჩევნებამდე სოციალისტები 61 ადგილობრივ საბჭოს აკონტროლებდნენ.

ხმების მნიშვნელოვანი წილი მიიღო ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა ფრონტმა, თუმცა ჯერ უცნობია, შეძლებენ თუ არა ნაციონალისტები თუნდაც ერთ საბჭოში უმრავლესობის მოპოვებას. თუმცა, ნაციონალისტებმა, რომლებმაც პირველ ტურში ხმების 25% მიიღეს და მეორე ადგილზე გავიდნენ, ადგილობრივი არჩევნები საკუთარ წარმატებად შეაფასეს. ქვეყნის პრემიერმა კი აღიარა, რომ არჩევნები მმართველი პარტიისთვის წარუმატებელი იყო და ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვალა.

"მემარჯვენე ძალებმა ადგილობრივი არჩევნები მოიგეს, ეს უეჭველია. ულტრამემარჯვენეებმა უპრეცედენტოდ ბევრი ხმა მიიღეს, ეს პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებაა და აქედან ყველამ დასკვნა უნდა გამოვიტანოთ", - თქვა საფრანგეთის პრემიერმინისტრმა მანუელ ვალსმა.

ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ამომრჩევლებმა სოციალისტების მმართველობას უნდობლობა გამოუცხადეს.

"ფრანგების უმრავლესობამ უარი თქვა ფრანსუა ოლანდის და მისი მთავრობის პოლიტიკაზე. ჯერ არასდროს ისტორიაში მმართველ პარტიას ამდენი ადგილი არ დაუკარგავს. ჯერ არასდროს მოქმედ მთავრობას არ დაუმსახურებია ასეთი უნდობლობა. ამდენი ჩავარდნა ხელისუფლებას ჯერ არასდროს ჰქონია. სისუსტე და სიცრუე ასე ისჯება", - აცხადებს პარტია UMP-ს ლიდერი ნიკოლა სარკოზი.

კომენტარები