პრეზიდენტის ინსტიტუტი

კალაძე: პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ლიდერი და არა ერთადერთი

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეფასებით, საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულებას, "მედია და საზოგადოება ზედმეტად პრობლემის ჭრილში აღიქვამენ". როგორც კალაძემ ვიდეოდიალოგში აღნიშნა, ამის საბაბი სავარაუდოდ "პრეზიდენტის რომელიღაც გადაწყვეტილების გამო, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმული სინანული გახდა". ვიცეპრემიერის თქმით, პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ლიდერი და არა - ერთადერთი. 

"ჩვენი კონსტიტუციის გათვალისწინებით, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე გვაქვს ჩარჩოში საპრეზიდენტო ინსტიტუტი. სხვათა შორის, ბევრი ცვლილება ნაციონალების მიერ იქნა შეტანილი. ვინაიდან მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებდა პრემიერმინისტრობას და ეს პოსტი უკვე მათთვის ინტერესს არ წარმოადგენდა. მათ შეცვალეს კონსტიტუცია და მოარგეს კანონი, როგორც სჩვეოდათ, საკუთარ ინტერესებს. შედეგად მთავრობის მეთაური ჩვენს ქვეყანაში ამჟამად არის პრემიერმინისტრი. მგონი, არანაირ სენსაციას და მით უმეტეს დაპირისპირებას ობიექტური მიზეზი არ გააჩნია, უბრალოდ, ეს არის ის რეალობა პრეზიდენტის პოსტის მიმართ, რაც დრომ მოიტანა. კი, უჩვეულოა სხვანაირ პრეზიდენტებს შეჩვეული ქვეყნისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებულად გაფეტიშებული პრეზიდენტების დროც წარსულის კუთვნილება გახდება. პრეზიდენტს უნდა ვცეთ, რა თქმა უნდა, პატივი, პრეზიდენტმა უნდა წარმოაჩინოს ქვეყანა. პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ლიდერი და არა ერთადერთი. დღეს ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს და ამ მოცემულობას უნდა ვცეთ პატივი", - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები