პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

მარგველაშვილი: არ მაქვს ინფორმაცია, ვინ დაესწრება ჩემს გამოსვლას პარლამენტში

ტაბულა

“ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ დაესწრება გამოსვლას, მე არ მაქვს”, - თქვა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინაშე მის ყოველწლიურ გამოსვლასთან დაკავშირებით. კომენტარი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის, მერაბ ტურავას მიერ ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ გააკეთა.

პრეზიდენტმა გამოსვლის შინაარსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყურადღებას ეკონომიკაზე, საერთაშორისო გარემოზე, უსაფრთხოებასა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე გაამახვილებს.

“გაკეთდება აქცენტები ძირითადად ეკონომიკაზე, საერთაშორისო გარემოზე, უსაფრთხოებაზე და დემოკრატიული განვითარების პროცესზე საქართველოში. ასევე მოსახლეობის ჩართულობაზე”, - აღნიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტში მისი გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ხვალ, 31 მარტს წარსდგება. გამოსვლის ფორმატი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც გადაწყდა, გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას დებატები არ იქნება.

ასევე ცნობილია, რომ, გარდა პრეზიდენტისა, პარლამენტში სიტყვით ფრაქციების თავმჯდომარეებიც გამოვლენ და თითოეულისთვის 15 წუთი იქნება გამოყოფილი.

პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლას დაესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. რაც შეეხება მინისტრებს, როგორც ამასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე ითქვა, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მინისტრს მოსვლის და დასწრების შესაძლებობა ექნება, მაგრამ ამას პარლამენტი ვერ დაავალდებულებს.

საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-60-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, "მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული ან დამტკიცებული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს პარლამენტის, მისი კომიტეტის და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასეთი თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს პარლამენტმა, კომიტეტმა ან კომისიამ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ოფიციალური მიმართვა 24 მარტს გაუგზავნა. მიმართვაში ადმინისტრაცია პარლამენტს სთხოვს, მოხსენებაზე დასასწრებად მიიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრები, სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები.

პრეზიდენტი გამოსვლა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით ხვალ, 31 მარტს, 13:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები