შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებზე

არველაძე: გერმანიის წინააღმდეგ მატჩის მეორე ტაიმში მეტი პოზიტივი დავინახე

ქართველმა სპეციალისტმა და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ, რომელიც ბოლოს თურქულ ქასიმფაშას თავკაცობდა, რუსთავი 2-ის ეთერში, საქართველოს ნაკრების მიერ ბოლო დღეებში გამართულ ორ შეხვედრაზე ისაუბრა. ჯვაროსნებმა 25 მარტს მალტას 2:0 მოუგეს, ხოლო 29 მარტს გერმანიის ნაკრებთან ამავე ანგარიშით დამარცხდნენ.

"თუ ამ ორი თამაშის ანალიზს გავაკეთებთ, მალტის ნაკრებთან თუ ბევრს გაუჭირდა ქულების აღება, ვიღაცებმა ვერ მოუგეს, შენ გამოხვედი და მოდი ვთქვათ - თამაშით უპრობლემოდ მოუგე. ერთი მომენტი მათ ქონდათ, ხუთი შენ გქონდა, ბურთს სულ შენ ფლობდი. ვინ გინდა, რომ შენს გუნდში კარგად ითამაშოს? ოქრიაშვილმა, ყენიამ, ჭანტურიამ - მათ ვისაც შეუძლია თამაშის მიმდინარეობაში ცვლილების შეტანა, ამათმა რომ ვთქვათ თავისი თამაში ვერ ითამაშეს. ანუ, ესეც პლუსია, რადგან მომავალში, როდესაც ეს ფეხბურთელები უკეთ ითამაშებენ, იქ ბევრად მეტი დადებითი შეიქმნება," - განაცხადა შოთა არველაძემ.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, კახა ცხადაძის გუნდის მიერ მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ გამართულ მატჩზეც ისაუბრა.

"მგონი ეს გერმანიის ნაკრები ყველაზე ძლიერია მათ შორის, ვინც კი თბილისში ოდესმე ჩამოსულა. რომ ჩამოვთვალოთ გერმანელთა შემადგენლობა, ამათ მგონი მხოლოდ მესი და რონალდო აკლიათ და მსოფლიო ნაკრებს მივიღებთ.

ის რაც ჩვენ გავუკეთეტ მალტის ნაკრებს, ბურთს ძირითადად ჩვენ ვფლობდით, ისინი მხოლოდ რამდენჯერმე გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე, კარში ვურტყამდით, კუთხურებს ვუწოდებდით - დაახლოებით ასეთი რამის გაკეთება სცადა გერმანიამ ჩვენთან და გააკეთა კიდეც. პოზიტივი ის არის, რომ მეორე ნახევარში შეცვლები შეტევისკენ გაკეთდა და არა დაცვისკენ.

პირველ ნახევართან შედარებით, მეორეში მეტი პოზიტივი იყო.აღსანიშნავია, რომ ამისულაშვილისა და ოქრიაშვილის ტრავმების გამო, ცხადაძეს ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუხდა. მწვრთნელმა მეორე ფორვარდი ვერ შემოიყვანა, ყაზაიშვილს შეეძლო თამაშში თავის სიტყვა ეთქვა...

მეორე ტაიმში უფრო ახლოს ვეთამაშეთ, რაც რთულია ისე სწრაფად მოძრაობდა მეტოქე. შვიდი კუთხური ჩავუწოდეთ, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით...," - განაცხადა შოთა არველაძემ.

კომენტარები