საქართველოს ეკონომიკა

იანვარ - თებერვალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7%-ს შეადგინა

იანვარ - თებერვალში მშპ-ს ზრდა 2.7%-ია
საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2015 წლის პირველი ორი თვის ეკონომიკური ზრდა 2.7%-ს შეადგენს, რაც დაგეგმილ 5%-იან ზრდაზე 2.3%-ით ნაკლებია. იანვრის ეკონომიკური ზრდა 0.5%-ს შეადგენდა, ხოლო თებერვალში ზრდის ტემპი დაჩქარდა და 4.9% შეადგინა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორი ეკონომიკური ზრდა იყო მარტში. მარტის ეკონომიკური ზრდის დაზუსტების შემდეგ მთავრობას უკვე ექნება 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც დადგინდება, თუ როგორ ეკონომიკურ ზრდას უნდა ელოდეს მთავრობა 2015 წელს. 

2015 წლის ბიუჯეტით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, თუმცა ქვეყნაში შექმნილი სავალუტო შოკის გამო, მთავრობა მისი შემცირების მიმართულებით გადახედვას ფიქრობს. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 2%-ით ან 2,5%-ით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა წელს მსოფლიოს ქვეყნების საშუალო ეკონომიკურ ზრდაზე ნაკლები იქნება. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ეკონომიკური აქტივობის მხრივ თებერვალი დამაიმედებელი თვე იყო. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს დაგეგმილზე 0.3%-ით ნაკლებად, 4.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი მაქსიმალური წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც მან 7.3% შეადგინა. თუკი 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2% იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ვერ მოხდება დაგეგმილი რაოდენობით გადასახადების მობილიზება, რადგანაც ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იქნება.

ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან ინდიკატორს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წარმოადგენს. იანვარში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ზრდა 8-ჯერ იყო შემცირებული. ამ მხრივ თებერვალში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 2014 წლის თებერვალთან შედარებით 13.1%-ით გაიზარდა. 

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3%-ით არის განსაზღვრული. თუკი საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 1%-ით გაღარიბდება.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და რეალურ კვარტალურ მონაცემს შესაძლოა არ ემთხვეოდეს.

კომენტარები