პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

პრეზიდენტი: ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებენ

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს აფერხებენ სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო და შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტში, ყოველწლიური გამოსვლისას თქვა და აღნიშნა, რომ ამ პირობებში, ეკონომიკის განვითარება შეუძლებლად მიაჩნია.

"სახელმწიფოს მიზანია, მიაღწიოს ბიზნესის იმგვარ რეგულირებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ბაზრისა და მეწარმეობის განვითარებას, არსებულმა და მომავალმა რეგულაციებმა არ უნდა შეზღუდოს ბიზნესის საქმიანაობა მისთვის დამატებითი პრობლემების შექმნის გზით", - ეს წინასაარჩევნო პროგრამიდან არის. შესაბამისად, წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როდესაც ერთის მხრივ გვყავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, უფრო მეტიც - ვიცეპრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო თუ შესაბამისი თემატიკის სააგენტოები. ამიტომ სწრაფად უნდა გავაანალიზოთ არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილება პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის თვალსაზრისით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმითვე, "ბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც საქმიანი ინიციატივების განხორციელება დროში იწელება, ფერხდება ინვესტიციათა მოზიდვა". როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა ჩართულობა და საზოგადოების სათანადო ინფორმირება.

"საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან ყველა იმ ინიციატივის გაჟღერებისას თუ კანონად ქცევამდე, რომელიც უკავშირდება ბიზნესგარემოს, ინვესტიციებს და ტურიზმს. ამასთან, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღება და ენერგიული განხორციელება", - თქვა პრეზიდენტმა.

კომენტარები